მადრიდსა და ბარსელონას შორის მატარებლების მოძრაობა კაბელის ქურდობის გამო შეფერხდა
ესპანეთის ორ უდიდეს ქალაქს – დედაქალაქ მადრიდსა და ბარსელონას შორის ჩქაროსნული მატარებლის (AVE) მოძრაობა ორშაბათ დილით რამდენიმე საათით შეჩერდა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ესპანეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, Renfe-ს განცხადებით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა მადრიდსა და ბარსელონას შორის 600 მეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სიგნალიზაციის კაბელების მოპარვის გამო შეწყდა.
ადგილობრივმა პოლიციამ ტვიტერზე დაწერა, რომ კატალონიაში, სანტა ოლივას მახლობლად, მატარებლის ლიანდაგთან დააკავეს 19 წლის მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ ქურდობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მათივე ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების მიმდინარეობისას სხვა პირებიც დააკავონ.
Renfe-ს განცხადებით. მადრიდსა და ბარსელონას შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა, 5 საათზე მეტი ხნით შეჩერების შემდეგ, 11:30 სთ-ზე აღდგა, თუმცა სიჩქარის შეზღუდვის გამო მოსალოდნელია შეფერხებები, რადგან სისტემები ჯერ ბოლომდე არ არის გამართული. კომპანიის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში 22 რეისი გაუქმდა და 7200 მგზავრი დაზარალდა.
ინციდენტის აღმოფხვრამდე Renfe-მ ალტერნატიული მარშრუტები დაადგინა ჩქაროსნული ქსელის გვერდის ავლით.
სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება საზაფხულო ტურიზმის სეზონზე დიდი დარტყმაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც კოვიდპანდემიის შემდგომ ტურისტული სექტორის ენერგიული აღდგენის გამო ესპანეთის, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ნებისმიერი შეფერხება დიდ ტვირთად აწვება.
უკეთესი მდგომარეობა არც ავიატრანსპორტს აქვს – Ryanair-ის ეკიპაჟების გაფიცვის გამო ბარსელონას El Prat-ის აეროპორტში მინიმუმ 10 რეისი გაუქმდა. კომპანიის თანამშრომელთა თქმით, გაფიცვა კვირაში ოთხი დღის განმავლობაში მოეწყობა და 7 იანვრამდე გაგრძელდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები