ქეთი მელუა მალე დედა გახდება – რას წერს მომღერალი
ბრიტანეთში მცხოვრები პოპულარული ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მალე დედა გახდება.
იგი მორიგ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა, მაგრამ ეს მოგზაურობა ქეთისთვის განსაკუთრებულია – როგორც თავად ამბობს, ეს იქნება მისი, როგორც ორსულის, პირველი ტურნე. ამის შესახებ ქეთი მელუა თავის FB-გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მუცელიც ეტყობა.
ქეთი მელუას მეუღლე მოტომრბოლელი და მუსიკოსი ჯეიმს ტაუზლენდი იყო. წყვილი 2012 წლის პირველ სექტემბერს დაქორწინდა, თუმცა მალევე მომღერლის გარშემო სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა – თითქოსდა იგი ქმარს გაშორდა. ბრიტანული ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, ქეთი ორსულად ხომ არ არისო – ამაზე მედია აქტიურად ალაპარაკდა მას შემდეგ, რაც მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა ჩაცმულობით ივარაუდეს მისი ფეხმძიმობა. მათი თქმით, ქეთისთან დაახლოებული ანონიმური წყაროც ადასტურებდა, რომ წყვილი ბავშვს ელოდებოდა.
მაშინ არცერთი ჭორი დადასტურდა, ქეთი და ჯეიმსი კვლავაც ერთად ჩნდებოდნენ ღონისძიებებზე და აქტიურად მართავდნენ კონცერტებს, თუმცა წყვილმა 2020 წელს ოფიციალურად გააფორმა გაყრა.
ახლა მომღერალმა, რომელიც 16 სექტემბერს 38 წლის გახდება, თავად დაადასტურა, რომ მალე პირმშო ეყოლება.
მედია ცდილობს, გაარკვიოს, ვინ არის ბავშვის მამა. წერენ, რომ, სავარაუდოდ, ის ქეთი მელუას ბოიფრენდია, რომელზეც ხმები დადის, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. თავად ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს. ბრიტანული მედია იმასაც წერს, ჭორები დადის, ქეთი თავის ბოიფრენდსაც დაშორდაო, მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, თუმცა ახლა მთავარი ის არის, რომ მომღერალს დედობის ბედნიერება ეწვევა.
ქეთი მელუა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სადებიუტო ალბომით Call Off The Search, რომელიც 2003 წელს გამოვიდა. მაშინ ქეთი 19 წლის იყო. 2000-იან წლებში ქართველი მომღერალი ბრიტანული ბლიუზის ცნობილი ვარსკლავი გახდა.
ქეთი მელუა საქართველოში, ქუთაისში დაიბადა 1984 წელს, თბილისში იზრდებოდა ბებიასთან და პაპასთან, შემდეგ კი დედ-მამასა და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქეთი მელუას ოჯახი ბელფასტში (ჩრდ. ირლანდია) წავიდა ემიგრაციაში. 1998 წელს ოჯახი რედჰილში (ქალაქი ლონდონის გარეუბანში) გადასახლდა, რათა 14 წლის ქეთის მუსიკოსის კარიერა დაეწყო.
ქეთი მელუას ქონება 20 მლნ აშშ დოლარს უდრის (2022 წლის მონაცემი). 2008 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა 30 წელზე ახალგაზრდა ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსებს შორის.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები