ეკონომიკაიტალიაპოლიტიკა

იტალიელები დრაგის პრემიერის პოსტზე დარჩენას სთხოვენ – ვინ შეიძლება გახდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი?

იტალიის 110 ქალაქის მერი, ასევე, ბიზნესასოციაციის და პროფკავშირების წარმომადგენლები მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის, გადახედოს გადადგომის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას და თანამდებობაზე დარჩეს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი გადადგომა ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენ, მერები, რომლებსაც ყოველდღიურად გვიწევს იმ პრობლემების მართვა და გადაჭრა, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ეხებს, ვთხოვთ მარიო დრაგის, არ გადადგეს და პარლამენტს  დამაჯერებლად განუმარტოს, რატომ უნდა გააგრძელოს მთავრობამ ფუნქციონირება“, – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც მედია წერს, მსგავსი მიმართვა გაავრცელეს სამრეწველო, ფერმერულმა და სავაჭრო კავშირებმაც. იტალიის უდიდესი პროფკავშირის CGIL-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარი სტაბილურობაა, ამჟამინდელ მთავრობას კი იტალიის მოსახლეობაში ნდობა არ დაუკარგავს.

პარტია „ცოცხალი იტალიის“ ლიდერის, მარიო რენცის განცხადებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისადმი მიმართვას თხოვნით, არ დატოვოს მთავრობის მეთაურის პოსტი. ეს ინფორმაცია რენციმ 18 ივლისს გაავრცელა.

მისი თქმით, „ხმა ქვემოდან“ უნდა დაეხმაროს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა, ხოლო პოპულისტებს („5 ვარსკვლავის მოძრაობა“) კი – ხელი შეუშალოს „მაზოხისტური“ გადაწყვეტილებების მიღებაში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ რენცის „დამსახურებაა“ წინა სამთავრობო კრიზისი წელიწად-ნახევრის წინ, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის – ჯუზეპე კონტეს გადადგომით დასრულდა. მაშინ კონტე უპარტიო იყო, ამჟამად კი იგი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ თავმჯდომარეა.

იტალიის მთავრობის ბედი ოთხშაბათს, 20 ივლისს გადაწყდება, როდესაც დრაგი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე წარდგება. ორივე პალატაში (სენატი და დეპუტატთა პალატა) იგეგმება მთავრობის ნდობის ვოტუმის კენჭისყრაც.

14 ივლისს იტალიის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იტალიის პრემიერის განცხადება გადადგომის შესახებ. დრაგიმ საკუთარი გადაწყვეტილება მმართველი კოალიციის სიმტკიცის რღვევით ახსნა. წამყვანმა საპარლამენტო პარტიამ – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ სენატში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის მიზეზიც დრაგისთან უთანხმოება გახდა რამდენიმე საკითხში, მათ შორის, ათასობით კომპანიისა და ოჯახისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის კანონპროექტთან დაკავშირებით.

ლიბერალები და არაერთი საზოგადო მოღვაწე მოუწოდებს დრაგის და „5 ვარსკვლავის მოძრაობას“, შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კომპრომისი მოძებნონ.

თუ ასე არ მოხდება, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს (მომავალი არჩევნები, კანონით, 2023 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს). ქვეყნის პრეზიდენტ სერჯო მატარელას, ასევე, აქვს უფლება, პარლამენტის ამჟამად არსებული შემადგენლობით ახალი უმრავლესობის შექმნის უფლება გასცეს. როგორც ცნობილია, ამჟამად სამთავრობო კოალიციაში „5 ვარსკვლავის მოძრაობასა“ და დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, აგრეთვე, შედის სამიდან 2 მემარჯვენე კონსერვატიული პარტია („იტალიის ძმების“ გარდა).

სხვათა შორის, სწორედ „იტალიის ძმების“ ლიდერმა – ჯორჯა მელონიმ მიიღო ყველაზე მეტი ხმა Termometro Politico-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, თუ ვისი ნახვა სურთ იტალიელებს პრემიერის პოსტზე. 18 ივლისს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მელონიმ ხმების 24,1% მიიღო (ეს შედეგი შეესაბამება პარტიის რეიტინგს, რომელიც ამჟამად იტალიაში ყველაზე პოპულარულია).

მეორე ადგილზე გავიდა მარიო დრაგი – 22,5%-ს სურს, რომ კვლავ დრაგი იხილოს მთავრობის მეთაურად. მესამე ადგილზე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2018-2021) ჯუზეპე კონტეა 14,7%-ით.

20 ივლისს გაირკვევა, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გზით გამოვა იტალია პოლიტიკური კრიზისიდან.

ამასობაში კი დრაგიმ რუსული გაზის ალტერნატივა – 4 მლრდ კუბომეტრი გაზი „იშოვა“ ალჟირში. ამის შესახებ პრემიერმა თავად განაცხადა. იგი მთავრობის წევრებთან ერთად ალჟირში იმყოფება, სადაც რამდენიმე სამთავრობოშორისო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

ჩრდილოეთ აფრიკაში გაზის შესყიდვების მოცულობის გაზრდა იტალიის რუსულ გაზზე „დამოკიდებულების“ შემცირების სტრატეგიის ნაწილია (2021 წლამდე იტალიაში მოხმარებული გაზის  40% რუსეთიდან შედიოდა).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close