„ყველას მივმართავ, ფრთხილად იყავით, საზოგადოებისთვის საშიში დაჯგუფება ჩამოყალიბდა…“ – ქართველი ემიგრანტი სამშობლოდან მუქარის წერილებს იღებს
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქეთი გელაშვილი „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ მუქარის მსხვერპლი გახდა. მის გარდა ადევნების, ფიზიკური დაზიანების შინაარსის შემცველი შეტყობინებები სხვებსაც მისდით. ამის მიზეზი, არც მეტი – არც ნაკლები, რეალითი შოუს – „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის, გიორგი ნაზღაიძის გულშემატკივრობა გახდა…
ამ მიზეზით მის არასრულწლოვან შვილზეც ბულინგი განხორციელდა…
„პრაიმტაიმი“ მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების იდენტიფიცირებას გასაგები მიზეზების გამო არ ახდენს.
ქეთი გელაშვილი პროფესიით ექიმია, ის საბერძნეთში ცხოვრების უფლებით ოფიციალურად სარგებლობს და საქართველოში ჩამოსვლას სამართალდამცველების ჩასართავად გეგმავს, რათა დაიცვას როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებები.
„პრაიმტაიმს“ ქეთი გელაშვილმა მუქარისა და ბულინგის ამსახველი ე.წ. სქრინები მიაწოდა. ის აღნიშნავს, რომ ფიზიკური დაზიანებით თავად გიორგი ნაზღაიძესაც ემუქრებიან:
„მე და ჩემი მეგობრები მუქარის შეტყობინებებს ვიღებთ. გვემუქრებიან ყურის მოჭრით და ამის მიზეზი მხოლოდ რეალითი შოუს „პრაიმ ჰაუსის“ მაყურებლობა და ჩვენი ფავორიტი მონაწილის მხარდაჭერაა.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი გართობის ზღვარს გასცდა და ადამიანთა ერთი კონკრეტული წრიდან მხოლოდ ზიზღს, ბულინგს და მუქარას აქვს ადგილი. არ ვიცი, ეს რას ემსახურება, მათი რწმენით, ადამიანებს დაგვაშინებენ და გიორგი ნაზღაიძის მხარდაჭერას შევწყვეტთ?
მე პირადად, საქართველოში არ ვიმყოფები, ემიგრანტი ვარ, საბერძნეთში ოფიციალურად ვცხოვრობ, ექიმი ვარ და ჩემი პროფესიით ვმუშაობ. არავის ეგონოს, რომ ამ მუქარებს შევარჩენ, სამართალდამცველებს აუცილებლად მივმართავ და საკადრისად დაისჯებიან ასეთი მდაბიო ადამიანები. მზად ვარ, ამისთვის ჩამოვიდე კიდეც საქართველოში…
სამარცხვინოა, რაც მოხდა, მაგრამ იძულებული ვარ, როგორც დედამ, ხმა ამოვიღო, გიორგი ნაზღაიძის კონკურენტის მეგობრები ბავშვების ბულინგზეც კი გადავიდნენ. Tik Tok-ზე ჩემს პატარა შვილს ვიდეოს კომენტარებში დაუწერეს: „რას გავხარ, რა მსუქანი ხარო“. კიდევ კარგი, ეს მან არ ნახა და ამ ადამიანის დაბლოკვა შევძელი.
ყველას მივმართავ – მკაცრად აკონტროლეთ თქვენი და თქვენი შვილის სოციალური ქსელები, აქ შეჯიბრი ან კონკურენცია კი არა, საზოგადოებისთვის საშიში დაჯგუფება ჩამოყალიბდა, რომელიც საფრთხეს უქმნის ნორმალურ ადამიანებს.
პროექტი სახალხოა, ვირჩევთ ჩვენს ფავორიტს და მხარს ვუჭერთ. მგონი, ამის ახსნა არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიწევს.
მინდა, მივმართო მოძალადე ადამიანებს – ვინც მე, ჩემს მეგობრებს, თავად გიორგი ნაზღაიძეს, ჩემს ან სხვის შვილებს ემუქრებით, მიწიდან ამოგიღებთ და პასუხს კანონის წინაშე აგებთ.
მესმის, რომ გიორგი ძლიერი კონკურენტია და მისი ეშინიათ, მაგრამ პროექტის წაგებით მთელი ცხოვრება არ წააგოთ, ეს ჩემი კეთილი რჩევაა და სიფრთხილე გამოიჩინეთ, ყველა სქრინი არსებობს და ნაწილს ახლა ვასაჯაროებ კიდეც, ნაწილი პოლიციას გადაეგზავნება.
რაც შეეხება არასრულწლოვანზე ბულინგს, ესეც დანაშაულია და მკაცრად ისჯება. იმედი მაქვს, არც პროექტში, არც ჩვენს საზოგადოებაში მოძალადეები არ და ვერ გაიმარჯვებენ, რადგან თამაშსაც სჭირდება ღირსება, რომელსაც დიდი ხანია ზოგიერთები თავიანთი „გულშემატკივრების“ ხელით გასცდნენ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მუქარების შესახებ ინფორმაცია გიორგის მივაწოდეთ და დავძაბეთ. ის იძულებული გახდა, თავის თავზე აეღო ამ არშემდგარი ადამიანების პასუხისმგებლობა და პროექტი დაეტოვებინა, ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილა, უბრალოდ, გვინდოდა ინფორმირებული ყოფილიყო, რათა ზომები მიეღოთ და არავის შეშინებოდა მისი მხარდაჭერა, რადგან ადევნებითაც გვემუქრებიან.
მე მართალია საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ გიორგის საქართველოშიც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, რომლებზეც შესაძლოა, ახლაც ძალადობდნენ, აშინებდნენ და აბრკოლებდნენ“, – ამბობს ქეთი გელაშვილი.
კომენტარები