fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის მესამედი კრიზისულ სიტუაციაშია – 5 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ვიდეო)

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის საზოგადოება მოქალაქეებს აფრთხილებს

იტალიის ჩრდილოეთში მდებარე 5 რეგიონში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რეკორდული გვალვის გამო – ემილია-რომანია, ფრიული ვენეცია-ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ვენეტო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, რისთვისაც მთავრობამ 4-ში საღამოს გამართულ სხდომაზე მალევე მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე. 5 რეგიონის გადაუდებელი საჭიროებებისთვის მთავრობამ 36.5 მილიონი ევრო გამოყო.

მდინარე პოს გარშემო მდებარე ამ რეგიონებში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ იწარმოება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედი, ამიტომ მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები.

გვალვასთან საბრძოლველად გამოყოფილი  36.5 მილიონი ევროდან, „ანსას“ ცნობით, 10,9 მლნ ემილია-რომანიას ერგება, 4,2 მლნ –  ფრიული ვენეცია-ჯულიას, 9 მლნ – ლომბარდიას, 7,6 მლნ – პიემონტს და 4,8 მლნ – ვენეტოს.

იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე (652 კმ) მდინარე პო სათავეს ალპებიდან იღებს, თუმცა ახლა მისი ბევრი მონაკვეთი მთლიანად დამშრალია, მდინარის წყლის დონე მინიმალურ ნიშნულზეა, რაც თითქმის უნალექო ზამთარ-გაზაფხულის და უჩვეულოდ ცხელი ზაფხულის შედეგია.

რეკორდულ სიცხესთან დაკავშირებით იტალიის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის საზოგადოებამ გაავრცელა კარგი სტანდარტების ცნობარი კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, თუმცა მასში მოცემული რჩევები ყველასთვის გასათვალისწინებელია.

პირველი და აუცილებელი წესია, გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად წყლის ხშირი და სწორი მიღება და მეტისმეტი სიცხისგან თავის არიდება. განსაკუთრებით საფრთხილოა სიცხიდან უცბად სიცივეში  (მაგ., ზღვის ცივ წყალში ან გარეთ სიცხიდან კარგად კონდიცირებულ შენობაში) შესვლა, რაც არა მარტო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, არამედ ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც საშიშია.

მეორე წესია ფიზიკური დატვირთვის და სპორტული აქტივობის შემცირება ყველაზე ცხელ საათებში.

პანდემიის გამო დამატებითი პრობლემაა ნიღაბი, რომელიც იტალიაში დახურულ  და ხალხმრავალ ადგილებში კვლავ რეკომენდებულია. დიდი სიცხისა და გაძლიერებული ოფლდენის დროს ნიღაბმა შესაძლოა სუნთქვის პრობლემა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში. საზოგადოება ნიღაბზე უარის თქმას კი არ ურჩევს ადამიანებს, არამედ ფიზიკური დატვირთვის შემცირებას  (კიბეზე ასვლა, დიდხანს დგომას და. ა. შ.).

აგრეთვე, საუბარია დიეტაზე, რომელიც უნდა იყოს მსუბუქი და „ფერადი“ – ანუ დატვირთული ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც ხელს უწყობენ სწრაფ მონელებას.

კარდიოპათიით დაავადებულმა ავადმყოფებმა თავი უნდა აარიდონ ზედმეტად იზოლირებულ და სამედიცინო დაწესებულებებისაგან მოშორებით ადგილებში ყოფნას.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close