მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

„საბჭოთა ვიაგრა“, „კრემლის აბები“ და საბჭოთა პარამედიცინის სხვა საოცრებები

რა დანიშნულებით იყენებდა საბჭოთა მედიცინა ორსული ქალების შარდს? ვინ შექმნა პრეპარატი გრავიდანი – ე.წ. საბჭოთა ვიაგრა, რომლის კომპონენტების მისაღებად სპეციალურ მეურნეობაში თავის უყრიდნენ ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალებს მთელი საბჭოთა კავშირიდან? როგორც ირკვევა, მაქსიმ გორკი, სემიონ ბუდიონი, სერგო ორჯონიკიძე, კლარა ცეტკინი და სხვ. – მთელი საბჭოთა ელიტა იჯდა ამ პრეპარატზე, რომლის ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ასევე იმყოფებოდა ყველაზე ცნობილი საბჭოთა მოქანდაკე ქალი, ვერა მუხინა, როცა ეპოქალური მნიშვნელობის სკულპტურას, „მუშასა და კოლმეურნეს“ ქმნიდა.

რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამდენიმე მსხვილმა დასავლურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეზღუდა მედიკამენტების მიწოდება რუსეთის ბაზარზე. ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის სამედიცინო საზოგადოების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთში, სულ ცოტა, 80 დასახელების მედიკამენტის მწვავე დეფიციტი იყო, მათ შორის, რთულად იშოვებოდა ინსულინი და საბავშვო ნუროფენი. ამგვარი მძიმე ვითარების ფონზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ერთმა ნაწილმა მედიკამენტების მომარაგება დაიწყო, მეორე ნაწილმა კი იმით დაიმშვიდა თავი, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეის მაგალითის გადაღება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ალტერნატიული მედიცინით, მით უფრო, რომ ამ მიმართულებით „უნიკალური აღმოჩენები“ საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა. საგულისხმოა, რომ მკურნალობის საეჭვო მეთოდებსა და საშუალებებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნილება იყო მაშინ, როცა საბჭოთა აფთიაქებში, ძირითადად, მხოლოდ ვაზელინი და ასპირინი იყიდებოდა.

შარდი თავში

1927 წელს გერმანელმა ენდოკრინოლოგმა ზელმარ აშჰეიმმა აღმოაჩინა საინტერესო მოვლენა: როცა თეთრ თაგვებს კანქვეშ შეუყვანეს ორსული ქალის მცირე რაოდენობის შარდი, ცხოველები უკიდურესად აღიგზნენ, რაც გონადოტროპული ჰორმონის მოქმედებამ გამოიწვია. ცნობილია, რომ ეს ჰორმონი ძლიერად ზემოქმედებს სქესობრივ სფეროზე.

სსრკ-ში აშჰეიმის ექსპერიმენტი გაიმეორა ექიმმა ალექსეი ზამკოვმა, ცნობილი მოქანდაკის, ვერა მუხინას ქმარმა, თუმცა ზამკოვი უფრო შორს წავიდა: მან დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება უფრო დიდ ცხოველებზე, შემდეგ კი საკუთარ თავზე. შედეგები უბრალოდ გასაოცარი აღმოჩნდა: „თითქოს შამპანური დაგილევია! ამგვარი აღმაფრენა 10 დღე გაგრძელდა, ხოლო ექსპერიმენტში ჩართული ფაუნა არა და არ დაცხრა. ბებერმა ჯაგლაგმა, რომელსაც დასაკლავად ამზადებდნენ, ინიექციის შემდეგ რეკორდული სიფიცხე გამოავლინა. ყველა ქმნილება ძლიერდებოდა, ნაყოფიერდებოდა და მრავლდებოდა, როგორც სამოთხეში“, – ასე აღწერა ზამკოვმა წამლის ეფექტი, რომელსაც უწოდა ლამაზი სიტყვა „გრავიდანი“ (gravida – ლათ. ფეხმძიმობა).

დაინახა რა, როგორ შეიცვალა ქმარი, ვერა მუხინამაც მოითხოვა „იგივე“ ინიექცია და… დაიწყო ბედნიერი დღეები. პირველი ენთუზიაზმის კვალდაკვალ, ზამკოვმა გააფართოვა ექსპერიმენტი: კლინიკურ კვლევებში ჩართო წითელი არმიის ჯარისკაცები და ნარკომანები (ეს სოციალური ჯგუფები დიდწილად იკვეთებოდნენ). და მართლაც! ბევრი ცდისპირი გამოჯანმრთელდა ნარკომანიისგან! თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბევრ მათგანს განუვითარდა დამოკიდებულება გრავიდანზე, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, რა სათვალავში ჩასაგდები იყო.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close