პოლიტიკასაქართველო

„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“ – შარლ მიშელი

ევროპულმა საბჭომ ბრიუსელის სამიტზე უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთვის კი აღიარა ევროპული პერსპექტივა და მზადაა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში:

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ლიდერებს ევროპული პერსპექტივის აღიარება მიულოცა.

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუსა და ირაკლი ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და [ევროკავშირის] ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ამას ადასტურებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელში 23-24 ივნისს გამართულ სამიტზე მიიღეს, ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გაცემული რეკომენდაციის იდენტურია: მათ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს და ქვეყანას წლის ბოლომდე შესასრულებლად 12-პუნქტიანი „საშინაო დავალება“ მისცეს, რომლის შესრულების შემდეგაც საქართველო ავტომატურად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მოთხოვნებს შორისაა რამდენიმე რეფორმა, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, პირველ პუნქტად კი პრიორიტეტებში დეპოლარიზაცია ჩაიწერა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს გაუგზავნა გზავნილი, რომ ახლა დაპირისპირების კი არა, ერთად შრომის დროა, რათა დასახული რეკომენდაციები შესრულდეს და 6 თვეში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს.

საქართველოსგან გასხვავებით, ბრიუსელის სამიტზე კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ უკრაინას და მოლდოვას.

საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს „მთავრობის დიდ ჩაფლავებას“, „ქართული ოცნების“ მიერ საქმის ჩაფლავებას და. ა. შ უწოდებენ და პრემიერ-მინისტრს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის ნაწილი ხანგრძლივვადიანი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

რაც შეეხება მთავრობის შეფასებას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ჩვენი ქვეყნის დამსახურებული მიღწევაა და ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

„გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, განაცხადი, რომ როგორც კი შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არის მობილიზებული, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, რათა დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადადგომას რაც შეეხება, ღარიბაშვილმა ამ მოთხოვნას „აბსურდული უწოდა“

„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე“, –  განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პაუხად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close