fbpx
ვიდეომსოფლიო

ვის დარჩება ახლად აღმოჩენილი 17 მლრდ დოლარის განძი, რომელსაც ჩაძირულ გემზე მიაკვლიეს

კოლუმბიის არმია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ჩაძირული გემის ფოტოებს აქვეყნებს. წყალქვეშ ამ გემის ადგილმდებარეობა სამი საუკუნის განმავლობაში უცნობი იყო.

განძეულით დატვირთული ესპანური გალეონი „სან ხოსე“ 1708 წელს, ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის დროს ჩაძირა ბრიტანეთის ფლოტის გემმა.

გემის ეკიპაჟი დაახლოებით 600 ადამიანს შეადგენდა და მიჩნეულია, რომ მას, სულ მცირე, 200 ტონა განძი გადაჰქონდა, მათ შორის იყო ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ასევე ზურმუხტები, რომელთა ღირებულება დღევანდელი ფასით 17 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა იყოს.

ამ გემს ხშირად „ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალს“ უწოდებენ. 2015 წელს ის კოლუმბიის საზღვაო ძალებმა ქალაქ კარტახენის სანაპიროსთან იპოვეს და ზუსტი ადგილმდებარეობა გაასაიდუმლოეს.

რამდენიმე დღის წინ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ ჩაძირული გემის ჯერ არნახული ფოტო-ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

ფოტოებში ჩანს მრავალი ახლად აღმოჩენილი განძი, მათ შორის, ჩინური კერამიკა, ოქროს მონეტები, ხმლები და ზარბაზნები.

კოლუმბიის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ადმირალ ხოსე ხოაკინ ამესკიტას განცხადებით, ასევე აღმოჩენილია იმ დროისათვის ტიპური ოქროს მონეტები.

როგორც კოლუმბიის პრეზიდენტმა აღნიშნა, გემის მონიტორინგისას მის სიახლოვეს ასევე აღმოაჩინეს კიდევ ორი სხვა ჩაძირული ხომალდი — კოლონიური ნავი და შხუნა, რომელიც 1800-იან წლებს უნდა ეკუთვნოდეს.

აღმოჩენის შემდეგ, „სან ხოსეს“ ირგვლივ სამემკვიდრეო ბრძოლა გაჩაღდა.

კოლუმბიამ ჩაძირული გემი თავის საკუთრებად გამოაცხადა; ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა 2013 წელს ხელი მოაწერა კანონს ჩაძირული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კოლუმბიის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩენილი არტეფაქტები ამ ქვეყანას ეკუთვნის.

გემზე პრეტენზიას აცხადებს ესპანეთიც, რომელიც აღნიშნავს, რომ გემი მისი საკუთრება იყო და საკუთარი პრეტენზიის დასაცავად იუნესკოს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას იშველიებს.

საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტიც, რომ გემის განძის დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან იყო წაღებული, რომელთაგან ზოგიერთს ასევე შეიძლება გაუჩნდეს მასზე პრეტენზია.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close