საზოგადოებაშეუცნობელი

ზაფხულის მზებუდობის „მაგია“ – ასტროლოგი გვირჩევს, ამაღამ სურვილი ჩავიფიქროთ

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოგვიწოდებს, 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობას, სურვილი ჩავიფიქროთ, რომელიც დიდი ალბათობით ასრულდება და სურვილის სწორად ჩაფიქრებასაც გვასწავლის. 

„ადამიანმა თვეები თავის ჭკუაზე დაჰყო ე.წ. სეზონებად ანუ წელიწადის დროებად. თუმცა ბუნებას საკუთარი კანონები აქვს, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, შემოდგომა 1-ელ სექტემბერს კი არ იწყება, არამედ 23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიობაზე; ზამთრის დასაწყისი წელიწადის ყველაზე მოკლე დღეს, 21 დეკემბერს, ანუ მზებუდობას ემთხვევა, გაზაფხულის კი – 21 მარტს, როდესაც დღეც და ღამეც თანაბარი ხანგრძლივობისაა…

ჰოდა, სადაცაა ნამდვილი ზაფხულიც მოვა. 21 ივნისს წელიწადში ყველაზე გრძელი დღე რომ დადგება, აი, მაშინ. უფრო ზუსტად კი თბილისის დროით 05:03-ზე.

ამ მომენტისათვის კარგი იქნება, თუკი არ გეძინებათ, გეღვიძებათ და სურვილს ჩაიფიქრებთ.

უკეთესი იქნება, თუკი გუნებაში კონკრეტულ გეგმასაც დასახავთ ამ სურვილის შესასრულებლად. რა ნაბიჯები გექნებათ გადასადგმელი, ანუ სამოქმედო პროგრამა რომ გაწეროთ ტვინში. 23 სექტემბერს, შემოდგომის მზებუდობაზე, თუ ოცნება უკვე ახდენილი არ გექნებათ, შეგეძლებათ გადახედოთ, გააანალიზოთ, რას აკეთებდით არასწორად და საჭირო კორექტივები შეიტანოთ თქვენს გეგმებში.

ძალიან კარგია სწორედ ამ დღეს, დილით ადრე ცვრიან ბალახში სიარული. ასევე წყლის პროცედურები. ითვლება, რომ ამ დღეს წყალს (მით უმეტეს, ბუნებრივს) ჯადოსნური ძალა გააჩნია, ენერგიას და ჯანს მატებს ადამიანს. ვინც სამკურნალო მცენარეებში ერკვევა, ისინი სწორედ ბუნიობაზე აგროვებენ ხოლმე საჭირო ბალახებს და ძირხვენეულობას. ამ დღეს რეკომენდებულია ფერადი, მხიარული სამოსის ჩაცმა. აგრეთვე, ჯობს ვიმარხულოთ და ცილოვანი საკვების მიღებისაგან თავი შევიკავოთ.

ზაფხულის მზებუდობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა წეს-ჩვეულებები არსებობდა.

ერთ-ერთი ტრადიციით, ღამის სეირნობიდან დაბრუნებულ ქალიშვილებს შვიდი სახეობის ყვავილი უნდა მოეკრიფათ და ბალიშის ქვეშ ამოედოთ, რათა საბედო დასიზმრებოდათ.

თუმცა ვინაიდან ეს მაინც მზისათვის მიძღვნილი დღე-სასწაულია, ტრადიციულად, ამ დღეს ძველი ხალხები უსათუოდ ანთებდნენ კოცონს, რომელსაც გარს უვლიდნენ რიტუალური სიმღერების შესრულებით, შემდეგ კი კოცონს თავზე ახტებოდნენ. ესეთი იყო განწმენდის ცერემონია, რომლის მეშვეობით „ცუდი“ ენერგია იწვებოდა… დღეს შესაძლოა ცეცხლის დანთების გამო ჯარიმა აიკიდოთ, ამიტომ უბრალოდ მოგიზგიზე კოცონი ჩაანაცვლეთ მოციმციმე სანთლით, გულწრფელი ლოცვით ან მედიტაციით. შეგიძლიათ დამუხტოთ მზის ან ცეცხლის ენერგიით თქვენი მინერალები და ამულეტებიც.

P. S. სხვათა შორის, საინტერესოა ალბათ ისიც, რომ 21 ივნისი იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღედ არის მიჩნეული, 23 სექტემბერი კი – ღვთისმშობლის“, – წერს ხათუნა ნოელი „ასტროზონაში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close