მოგზაურობა

კარგი ინფორმაცია აშშ-ში გამგზავრების მსურველთათვის

უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში საჰაერო გზით შევლენ, კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ. ეს წესი კვირიდან, 12 ივნისიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღება პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული „უზარმაზარი პროგრესის“ წყალობით გახდა შესაძლებელი. ამას გარდა, ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულების გაუქმებას ითხოვდნენ ავიაინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, ბევრი მგზავრი თავს იკავებდა ფრენისგან იმის შიშით, რომ საზღვარზე „არ გაჭედილიყო“.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები ამ გადაწყვეტილებას 90 დღის შემდეგ გადახედავენ. მთავრობაში აცხადებენ, რომ უყოყმანოდ აღადგენენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებას ავიამგზავრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ახალი შტამები გამოჩნდება.

2021 წლის იანვარში აშშ-ში შემოიღეს წესები, რომ ნებისმიერ მგზავრს, რომელიც ქვეყანაში საჰაერო გზით შევიდოდა, გაფრენის წინ უნდა ჰქონოდა არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვირუსისგან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი. „ომიკრონის“ გავრცელების გამო 2021 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა წესი გაამკაცრა და უკვე საჭირო იყო გაფრენამდე არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

აშშ-ში 2022 წლის იანვრიდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ბოლო დღეებში შემთხვევათა რიცხვი ისევ იმატებს. სიკვდილიანობა გაცილებით დაბალი რჩება, ვიდრე პანდემიის მწვავე ფაზებში იყო.

კვლევის თანახმად, კოვიდრეგულაციების გაუქმების შედეგად წელს აშშ-ში დამატებით 5.4 მლნ ვიზიტორი ჩავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close