ხელოვნებასაქართველო

ყველაზე სურნელოვანი და ფერადი გაზაფხული ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში

101 ბავშვის ნახატებმა ათასფრად გააფერადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი. თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა ნამუშევრების „საგაზაფხულო გამოფენა“ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

ნამუშევრების თემა თავისუფალი იყო და ნახატებიდან ბავშვების გულწრფელი, ხალასი, ოცნებებით სავსე სამყარო შემოგვცქეროდა. „ეს იყო ყველაზე სურნელოვანი და ყველაზე ფერადი გაზაფხული, რაც ამ საოცარი ბავშვების ნახატებმა გვაგრძნობინა საგამოფენო დარბაზში“, – ასეთი იყო დამსწრე საზოგადოების განწყობა.

„ეს სახელია სკოლისთვის და ბავშვებისთვის კი, თავისთავად, სამახსოვრო და ბედნიერი  დღე. მე თავად მაქვს გავლილი ეს გზა ჩემს ბავშვობაში, სამი წლიდან დავდიოდი ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში და ვიცი, რამხელა სიხარულია ეს მათთვის~, – გვითხრა პროექტის ხელმძღვანელმა, მხატვარმა თაკო შაშიაშვილმა.

ბავშვების სიხარულს მართლაც არ ჰქონდა საზღვარი, მით უმეტეს, რომ გამოფენაზე ყველა მათგანს გადასცეს დიპლომები და მცირედი საჩუქრები.

როგორც თაკო შაშიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს, მის მიერ მოწყობილ გამოფენებში არ გამოარჩიოს რომელიმე მოსწავლე, ყველამ თანაბრად იგრძნოს თავი, არ ჰქონდეთ კონკურენციის გრძნობა ერთმანეთთან, ყველა ერთნაირად ბედნიერი იყოს ამ დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰყავს ფავორიტები, რომელთა ნამუშევრებში პოტენციურ დიდ მხატვრებს ხედავს.

ვინ იცის, იქნებ მომავალი დიდი მხატვრების დებიუტი ამ გამოფენაზეც შედგა?!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close