პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში 4 ივნისს ჩამოასვენებენ. ოჯახი ახლა როზეტას სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და, დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა:
„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“.
ბავშვების საქართველოში დაბრუნების პროცესში საქართველოს ზრუნვის სააგენტოა ჩართული. მხოლოდ მცირე წერილობითი კომენტარით შემოიფარგლა სააგენტო რადიო თავისუფლებასთან:
„სააგენტო საჭიროების ფარგლებში ჩართულია აღნიშნულ საქმეში. ვიმოქმედებთ საჭიროებისამებრ“.
მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა მოკლული ქალის შვილების საქართველოში დაბრუნების პროცესსა და პროცედურებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა თამარ ლუკავამ. სწორედ თამარ ლუკავა ცდილობდა საქართველოდან როზეტას დახმარებას, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე.
ამჯერად ორგანიზაცია „საფარი“ როზეტა ყალიჩავას შვილების საქართველოში დაბრუნების პროცესშია ჩართული და როზეტას ოჯახს იურიდიულ დახმარებას უწევს.
თამარ ლუკავას თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში მზადდება დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, როზეტას დედასა და ბავშვების ბებიას, მეურვის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
თამარ ლუკავა იმედოვნებს, რომ ზუგდიდის საქალაქო სასამართლო დროებით განკარგულებას ბებიის მეურვეობის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოსცემს და მოკლული ქალის შვილები საქართველოში მომავალი კვირის ბოლოს დაბრუნდებიან.
რაც შეეხება როზეტა ყალიჩავას ქმარს, 42 წლის კაცს, რომელმაც ცოლი 24 მაისს პოლონეთის ქალაქ ლოძში, სახლში მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა და თვითდაზიანებები მიიყენა, თამარ ლუკავას ინფორმაციით, კლინიკაში პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
26 წლის როზეტა ყალიჩავა 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა საღამოს 10 საათისთვის პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.
კომენტარები