ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას ითხოვს – როგორია გამოხმაურება?
„უკაცრავად, მაგრამ ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და – ომი გინდათ? ნუ ერეკლემაც მაგ თქვა, რა, – აბა ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო“, – ამის შესახებ ფილოლოგმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა Youtube არხზე სახელწოდებით KVara ისაუბრა.
ყოფილი „რესპუბლიკელის“, ლევან ბერძენიშვილის ამ მოსაზრებას ბევრი და ბევრნაირი პოსტი მოჰყვა Facebook-ზე. მომხმარებლის უდიდესი უმრავლესობის გამოხმაურება უცენზურო სიტყვებითაა გაჯერებული, ამიტომ მხოლოდ სამ მოსაზრებას შემოგთავაზებთ:
მაგალითად, ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ლევან ბერძენიშვილის გამოსვლის არსი სწორია – ერეკლეს გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. არ არსებობს გარემოება, რომელიც თავისუფლებაზე უარის თქმას გაამართლებს.
მწერალ აკა მორჩილაძეს კი ერეკლე მეფის კურსის შეფასება რომ სთხოვეს, უპასუხა: „როცა გარდაიცვალა და მისი სხეული გააპატიოსნეს, სამოცამდე ნახმლევი უპოვეს ტანზე, მე კიდევ ჩემი სამშობლოსთვის ერთი ნაკაწრი არ დამიდვია და ვინა ვარ, მისი კურსი განვიხილო?!“
კითხვას: ვინ იყო ერეკლე?! – ისტორიკოსი გიორგი კალანდია ორი ისტორიული წყაროდან ამონარიდით სცემს პასუხს. ორივეს ავტორი უცხოელია. პირველი 1752 წელს London Evening Post-ში დაიბეჭდა, მეორე 1755 წელს London Magazine-მა გამოაქვეყნა.
„ერეკლეს მოღალატედ მოხსენიება, მისი ღვაწლის უგულებელყოფა არის დიდი სირცხვილი! ქართველი ერის ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა! ვინ იყო ერეკლე?! ამ კითხვას ორი ისტორიული წყაროდან ამონარიდით გავცემ მოკლედ პასუხს, ორივეს ავტორი უცხოელია: პირველი – 1752 წელს London Evening Post-ში დაიბეჭდა, მეორე – 1755 წელს London Magazine-მ გამოაქვეყნა!
1. „პრინცი ერეკლე ქართველთა წარმოსახვაში კაშკაშა სფეროა, მათთვის ის ალექსანდრე დიდია, რომლის ყოველი ნაბიჯი ღირშესანიშნავია რაღაც ტრიუმფით. ის ომის მეხის ცემაა, რომელიც მთელ სპარსეთს ააფეთქებს.
2. „თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო – ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა.
მისმა ამ ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტერთათვის შიშის ზარად აქცია! მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა მიმზიდველი, მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ.
მე ერეკლეს ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი?! პრინცისგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს ორ დიდებულ სამეფოს – საქართველოსა და სპარსეთის სომხეთს. ვინც ასევე ფლობს ყველაზე დიდ უპირატესობას, იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი. იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად გაწირავს თავს“…
რამდენიმე წლის წინ ერეკლეს ღვაწლის შესახებ საინტერესო წიგნი გამოვეცით სათაურით: „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიულ პრესაში“.
ჰოდა ამ სულმნათ მეფეს სანამ აუგად ვინმე მოიხსენიებს, მანამ ვურჩევ, წიგნი გადაშალოს და წაიკითხოს – უცხოელები, მიუკერძოებელი ადამიანები როგორი კრძალვით და პატივით წერდნენ პატარა კახის შესახებ“, – წერს გიორგი კალანდია.
კომენტარები