პოლიტიკასაქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის შევსებული მეორე ნაწილი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. კითხვარი საქართველომ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

„სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – უთხრა ჰაცელს პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას, რათა  შედეგი განსაზღვროს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა. კითხვარის შედეგიანად და მაქსიმალურად მოკლე დროში შესავსებად ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი პირადად აკონტროლებდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა და ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.

შეგახსენებთ, რომ კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა მთავრობის ადმინისტრაციაში.

რადგან კითხვარის ორივე შევსებული ნაწილი უკვე გადაეცა, ახლა ევროკომისია საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას დაიწყებს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. ევროკავშირის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close