მსოფლიოკრიმინალი

ინდიანაში ციხიდან გაქცეული რეციდივისტი დააკავეს, მისმა დამხმარე ციხის მცველმა თავი მოიკლა

ორშაბათს, 9 მაისს ტრაგედიით დასრულდა ციხის ყოფილი თანამშრომელი ქალისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პატიმრის დაკავება, რომელსაც იგი, როგორც ვარაუდობენ, ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

58 წლის ვიკი უაიტმა იარაღით მაშინვე მიიყენა სასიკვდილო ჭრილობა, როგორც კი ის და მისი მოგვარე  – 38 წლის კეისი უაიტი აღმოაჩინეს და დააკავეს ინდიანაში.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, გაქცეულები ევანსვილის მახლობლად (ინდიანის შტატი) დააკავეს  საავტომობილო დევნის შემდეგ, რომელიც ავარიით დასრულდა.

კეისი უაიტი ჩაბარდა, ვიკიმ კი იარაღით ჭრილობა მიიყენა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაქცეულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ 29 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ციხის თანამშრომელი ვიკი უაიტი თავის მოგვარეს (მათ შორის ნათესაური კავშირი არ არსებობდა) გაქცევაში დაეხმარა.

გაქცევის დღეს, დილით ვიკი უაიტმა კოლეგებს უთხრა, რომ პატიმარი ციხიდან მიჰყავდა სასამართლოს შენობაში ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის, რის შემდეგაც წყვილი გაქრა.

ეს იყო 58 წლის ვიკი უაიტის ბოლო სამუშაო დღე, მეორე დღიდან იგი პენსიაზე გადიოდა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არანაირი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნული არ იყო, ხოლო ვიკი უაიტი პროტოკოლის დარღვევით მოქმედებდა, რადგან სახიფათო დამნაშავეს ციხის გარეთ ორი მცველი უნდა ახლდეს. მან კოლეგებს, ასევე, უთხრა, რომ პატიმარს ექსპერტიზაზე დატოვებდა, თვითონ კი ექიმთან ვიზიტზე წავიდოდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ  მას არც ექიმთან ვიზიტი ჰქონდა ჩანიშნული.

2 მაისს გაიცა ორდერი ვიკი სიუ უაიტის დაკავების შესახებ, რომელშიც მას პირველი ხარისხის გაქცევის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.

აშშ-ის ხელისუფლებამ 10 ათასი დოლარი ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც გაქცეულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

ვიკი უაიტის ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა განაცხადეს, რომ გაოგნებულები არიან მომხდარით, რადგან ვიკის ყველა პატივს სცემდა, როგორც საუკეთესო თანამშრომელს.

გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ წყვილი გაქცევის გეგმას დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა, მათ მომარაგებული ჰქონდათ ყველაფერი – ფული, სატრანსპორტო საშუალებები და საჭირო რესურსები. სხვა პატიმრებმა თქვეს, რომ მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და ვიკი კეისი უაიტს უკეთესად ექცეოდა, ვიდრე დანარჩენ პატიმრებს.

კეისი უაიტი 75-წლიან პატიმრობას იხდიდა მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულებისთვის. ის ელოდებოდა სასამართლოს 58 წლის ქალისთვის დანით ჭრილობების მიყენების საქმეზე მისი სახლის გაძარცვის მცდელობისას 2015 წელს. თუ მას ეს ბრალდება დაუმტკიცდება, შტატის კანონის თანახმად, სიკვდილით დასჯა ელოდება.

არსებული ინფორმაციით, უაიტი ადრეც აპირებდა ციხიდან გაქცევას მძევლის აყვანით, თუმცა 2020 წელს მისი გეგმა გამოაშკარავდა და ჩაიშალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close