ეკონომიკაიტალია

იტალიის მთავრობამ 14 მლრდ ევრო გამოყო ფასების ზრდასთან საბრძოლველად

სხვა ზომებთან ერთად იტალიელები ერთჯერად ფინანსურ დახმარებასაც მიიღებენ

იტალიის მთავრობამ დაამტკიცა 14 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი, რომელიც მოქალაქეებისა და კომპანიებისათვის ენერგიის, საწვავისა და კვების პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებებს მოიცავს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ამას გარდა, ხელისუფლებამ დააანონსა დახმარების კიდევ ერთი პროგრამა 15,5 მლრდ ევროს მოცულობით. „მთლიანობაში გამოყოფილი იქნება მშპ-ის 2% ეკონომიკის მხარდასაჭერად“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გუშინ, 2 მაისს, საღამოს გამართული მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ.

ხელისუფლება აპირებს „დაეხმაროს მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილ ფენას და კომპანიების ნაწილს“, – თქვა დრაგიმ. ყველაფერთან ერთად, გათვალისწინებულია 200 ევროს ოდენობის ერთჯერადი დახმარება 28 მილიონი იტალიელისათვის, რომელთა წლიური შემოსავალი 35 ათას ევროს (თვეში, საშუალოდ, 2916,6 ევრო) არ აჭარბებს. აგრეთვე, შეუმცირდებათ საგადასახადო ტვირთი იმ კომპანიებს, რომელთა წარმოება დიდ ენერგოდანახარჯებს მოითხოვს.

რამდენიმე ხნით ადრე ხელისუფლებამ ბენზინსა და დიზელის საწვავზე შეამცირა გადასახადი ლიტრზე 30 ცენტით (მიმდინარე წლის ივლისამდე).

დრაგის თქმით, „დღევანდელი ზომები ეხება ცხოვრების ღირებულებას, ფასების ზრდა დიდწილად დამოკიდებულია ენერგომატარებლების ფასების ზრდაზე, რაც ნიშნავს, რომ ეს არის დროებითი სიტუაცია, რომელიც საგანგებო ინსტრუმენტებით უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ორივე პროგრამის დაფინანსება ნაწილობრივ მოხდება ენერგეტიკული კომპანიების დამატებითი მოგების ახალი გადასახადის ხარჯზე.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დანიელე ფრანკოს განცხადებით, ზემოგების გადასახადი ამ კომპანიებისათვის 25%-ით გაიზრდება.

ენერგომატარებლების და კვების პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდის გამო, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიითაა გამოწვეული, იტალიის ეკონომიკა 2022 წლის პირველ კვარტალში 0,2%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დანიელე ფრანკო იმედოვნებს, რომ იტალიის ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელს დაუბრუნდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close