მსოფლიოპოლიტიკა

პენტაგონმა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნის პროცესის ამსახველი ვიდეო გაავრცელა (ვიდეო)

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც ტვირთავენ სატვირთო მანქანების მისაბმელებზე M113 ჯავშანტრანსპორტიორებს უკრაინაში გასაგზავნად.

„ამერიკელი სამხედროები M113 ჯავშანმანქანებს, რომლებიც უკრაინაში იგზავნება, სატვირთო მანქანების მისაბმელებზე ტვირთავენ“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

პენტაგონი აცხადებს, რომ ტექნიკის დატვირთვა ჯორჯიის შტატის პორტ Stewart-ში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი  პროგრამის განახლების შესახებ. ახალი კანონი საშუალებას აძლევს ამერიკას, უფრო ეფექტიანად გაგზავნოს იარაღი, საბრძოლო მასალები და მოწყობილობები უკრაინაში.

დოკუმენტი, რომელიც ცნობილია, როგორც ლენდ-ლიზის 2022 წლის კანონი უკრაინის დემოკრატიის დასაცავად, დააჩქარებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო მოწყობილობებისა და სხვა კრიტიკულად აუცილებელი საშუალებების გადაცემას ბიუროკრატიული ქსელის შეკვეცის ხარჯზე. ეს კანონი საშუალებას იძლევა, აშშ-მა უკრაინას გადასცეს მოწყობილობები იმ დებულებების თანახმად, რომლებიც განსაზღვრავს, რომ მიმღები ქვეყანა მათ ღირებულებას აშშ-ს მოგვიანებით გადაუხდის.

შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე, საიდანაც 20 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება. უკრაინელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს საკმარისზე მეტია რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სპეციალისტებმა უკრაინელი სამხედროების წვრთნა დაიწყეს, რათა მათ შეძლონ იმ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ჯავშანტექნიკასთან მუშაობა, რომლებიც ახლახან გამოუყვეს უკრაინას თავდაცვითი დახმარების ფარგლებში. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომლის სიტყვებიც „უკრინფორმს“ მოჰყავს.

წვრთნები გერმანიაში სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.

უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაიარეს საარტილერიო მომზადება სხვა პუნქტებში.

გერმანიის გარდა ევროპაში არის, აგრეთვე, მინიმუმ ორი ადგილი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები უცხოური შეიარაღების გამოყენებას სწავლობენ.

მიუხედავად დიდი დანაკარგებისა რუსეთმა მოახდინა საკუთარი სამხედრო ძალების გადაჯგუფება და დამატებით ძალებს აგროვებს უკრაინის აღმოსავლეთში ახალი შეტევების განსახორციელებლად. კერძოდ, ოკუპანტებმა დამატებითი ძალები გადაისროლეს ხარკოვის ოლქში და ცდილობენ ზეწოლა გააძლიერონ დონბასშიც.

უკრაინელები გმირულად იბრძვიან, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, 30 აპრილს უკრაინელმა მებრძოლებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 9 შეტევა მოიგერიეს, 2 რუსული თვითმფრინავი Су-25 და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდეს, 8 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა და სხვა საომარი ტექნიკა გაანადგურეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close