სალმონელოზის 100-ზე მეტი შემთხვევა – ბელგიაში „ქინდერის“ ქარხანა დაიკეტა
Afsca-მ დაადასტურა, რომ ევროპაში მოწამვლის შემთხვევები არლონში მდებარე Ferrero-ს ქარხანას უკავშირდება
ბელგიის სურსათის უსაფრთხოების ფედერალურმა სააგენტომ (Afsca) პარასკევს, 8 აპრილს განაცხადა, რომ ბრძანება გასცა, შეეჩერებინათ Kinder-ის შოკოლადის ქარხნის, როგორც სალმონელოზით მოწამვლის წყაროს, მუშაობა და აღნიშნა, რომ იტალიურმა საკონდიტრო გიგანტმა Ferrero-მ მათ არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ წერს.
სააგენტომ მას შემდეგ, რაც „ფერეროს“ მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და ცოტა ხნის წინ დაადგინა, რომ ეს მასალები არასრულია, დღეს უკან გაიწვია არლონში მდებარე Ferrero-ს ქარხნისთვის მინიჭებული პროდუქციის წარმოების უფლება.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ბელგიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავიდ კლარინვალმა განაცხადა, რომ „ფერეროს“ არლონის ქარხნისთვის შოკოლადის პროდუქციის წარმოების ავტორიზაციის უკან გაწვევის გადაწყვეტილება „სიტუაციის გარკვევის მიზნით“ იქნა მიღებული. „ასეთი გადაწყვეტილება არასდროს მიიღება დაუფიქრებლად, ამის საჭიროება არსებულმა სიტუაციამ გვიკარნახა“, – დასძინა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკვების უსაფრთხოება უპირატესია.
შედეგად Ferrero-მ თავის განცხადებაში აღიარა „შიდა ხარვეზები“. ჯგუფი აცხადებს, რომ „ძლიერ შეწუხებულია ამის გამო“ და „გულწრფელად უხდის ბოდიშს ყველა მომხმარებელს და საქმიან პარტნიორს“.
Kinder Surprise, Kinder Mini Eggs, Schoko-Bons
„ევროპაში რამდენიმე კვირის განმავლობაში სალმონელოზის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა“, – აცხადებს ბელგიის სურსათის უსაფრთხოების სააგენტო (Afsca) და ხაზს უსვამს, რომ კავშირი მოწამვლის ამ ფაქტებსა და არლონში (ბელგია) მდებარე Ferrero-ს ქარხანას შორის [მიმდინარე წლის] მარტის ბოლოს დადგინდა. ამას გარდა, სააგენტომ ბრძანება გასცა, ქსელიდან ამოიღონ „ქინდერის“ ასორტიმენტის ყველა პროდუქცია.
„პროდუქციის ეს მასშტაბური გაწვევა [ამოღება გაყიდვიდან] ეხება ყველა სახის შოკოლადს – Kinder Surprise-ს, Kinder Surprise Maxi-ს, Kinder Mini Eggs-ს, Schoko-Bons-ს – პარტიებისა და ვარგისიანობის ვადის მიუხედავად“, – აზუსტებს სურსათის უსაფრთხოების სააგენტო ოფიციალურ შეტყობინებაში და სადისტრიბუციო კომპანიებისგან მოითხოვს, „თაროებიდან მოაშორონ ყველა ეს ნაწარმი“.
სანიტარიული ორგანო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ყურადღებით დააკვირდება Ferrero-ს ყველა ქმედებას და წარმოების ავტორიზაციას მხოლოდ მაშინ დაუბრუნებს, როდესაც დარწმუნდება, რომ საწარმო საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ყველა წესს და მოთხოვნას შეესაბამება“. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ Ferrero-ში გამოძიება გრძელდება და მოუწოდებენ მომხმარებლებს, არ მიირთვან არცერთი საეჭვო პროდუქტი „ფერეროს“ ასორტიმენტიდან, რომლებზეც კვლევა გრძელდება.
კომენტარები