მსოფლიოპოლიტიკა

პუტინი მძიმედ არის დაავადებული და „სტეროიდული მრისხანების“ სინდრომით იტანჯება, მას მუდმივად თან ახლავს ონკოლოგი

ჟურნალისტებმა შეადგინეს იმ ექიმების სია, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მუდმივად თან დაჰყვებიან, მათ შორის ქირურგი-ონკოლოგიცაა, რომლის სპეციალიზაციაც ფარისებრი ჯირკვლის კიბოა – ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო გამოცემები მედიის გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.

„დაგპირდით, რომ გაგიმხელდით კრემლის მთავარ საიდუმლოს. რა თქმა უნდა, საუბარია ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობაზე“, – აცხადებს საგამოძიებო მედიაჯგუფი Project-ი (იგივე Proekt), რომელიც რუსეთში დაბლოკილია და ახლა უცხოეთში მაუწყებლობს.

Project -ი ემხრობა დასავლეთში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პუტინმა ომი გამოაცხადა მაშინ, როდესაც სერიოზული სამედიცინო პრობლემები აწუხებდა.

არსებული ინფორმაციით, პუტინის ჯანმრთელობა 2016-17 წლებში გაუარესდა.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად Project-მა გამოავლინა მედიკოსები, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ პუტინთან ერთად. ჟურნალისტებმა შეისწავლეს მრავალრიცხოვანი ოფიციალური დოკუმენტაცია კრემლის მიერ ექიმებისთვის მივლინების გაფორმებასთან დაკავშირებით.

კონტრაქტების შესწავლისას ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2016-2017 წლებში რუსეთის პრეზიდენტს თან საშუალოდ 5 ექიმი დაჰყვებოდა, თუმცა პერიოდულად მათი რიცხვი დრამატულად იზრდებოდა. მაგალითად, 2016 წლის ნოემბერში პუტინი ხალხის წინაშე 5 დღე არ გამოჩენილა. ამავე დროს, სოჭის სანატორიუმ „რუსში“ პუტინის სოჭში ყოფნისას ერთდროულად 12 ექიმი დააბინავეს.

2019 წელს პუტინს უკვე საშუალოდ 9 ექიმი დაჰყვებოდა თან.

მათ შორის ერთ-ერთია ქირურგი ევგენი სელივანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან, რომელიც რუსეთის ლიდერთან არანაკლებ 35-ჯერ ჩაფრინდა შავი ზღვის კურორტ სოჭში.

Project-ის ჟურნალისტს, რომელიც სელივანოვთან დაკავშირებას ცდილობდა, მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დოქტორი „მივლინებაშია“ და „უცნობია, როდის დაბრუნდება“.

არსებობს ვერსია, რომ პუტინს სტეროიდებით მკურნალობდნენ, რამაც სახისა და კისრის არეში შეშუპება გამოიწვია.

სამედიცინო წრეებში ნამდვილად საუბრობენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე.

„ეს საუბრები გაძლიერდა გასული წლის შემოდგომის დასაწყისში, როდესაც პუტინი განსაკუთრებით უცნაურად იქცეოდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტორით ხსნიან გამომძიებელი ჟურნალისტები იმასაც, რომ საჯარო სივრციდან პუტინი ხუთჯერ მოულოდნელად გაუჩინარდა.

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო იზოლაციაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს მეთაური 13 სექტემბერს პარაოლიმპიელებს შეხვდა.

მეორე დღესვე პუტინი კვლავ კარანტინში გადავიდა. მან დუმის არჩევნებშიც კი საკუთარი ოფისიდან მიიღო მონაწილეობა და მთელი სექტემბერი არ გამოჩენილა.

გადიოდა თუ არა პრეზიდენტი მაშინ რაიმე სახის სამედიცინო მკურნალობას, უცნობია. ამის შემდეგ ის გამოჩნდა, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან დიდ მანძილზე დაიწყო – ოფიციალურ შეხვედრებს ის უზარმაზარ მაგიდასთან მართავდა.

გამოძიების ავტორების მტკიცებით, ბოლო წლებში პუტინი არატრადიციული მედიცინით დაინტერესდა. პრეზიდენტის გარემოცვიდან ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ პუტინი რქების აბაზანებს იღებს, რომლის შესახებაც მას ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უამბო (რომელიც წარმოშობით ციმბირიდანაა – რედ.). ურყევი მტკიცებულებები ალტაური მარალების (კეთილშობილი ირემი) ახალგაზრდა რქების სისხლის სარგებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა ის კი ცნობილია, რომ რქების მოხერხვა ცოცხალი ირმებისთვის ნამდვილი წამებაა.

პუტინის დაინტერესების შემდეგ ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნების ეს მეთოდები სხვა რუსი მაღალი თანამდებობის პირებს შორისაც პოპულარული გახდა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გავრცელებულ ინფორმაციას პუტინის კიბოთი დაავადებისა და ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შესახებ „ტყუილი და გამოგონილი“ უწოდა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close