პოლიტიკაარტისტი

ჟერარ დეპარდიემ პუტინის მიმართ პოზიცია მკვეთრად შეიცვალა და მას მწვავედ აკრიტიკებს

ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რომელიც ბოლო 10 წელზე მეტია, რუსეთს და პუტინს ადიდებდა და ქებას ასხამდა, ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ პოზიცია მკვეთრად შეიცვალა და მის ქმედებებს უკრაინაში „გიჟური მიუღებელი ქმედებები“ უწოდა, – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ჟერარ დეპარდიემ პირველ მარტსაც მოუწოდა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ, თუმცა მაშინ პუტინი ღიად არ დაუდანაშაულებია ომის წამოწყებაში, ახლა კი პირდაპირ გამოხატავს თავის აღშფოთებას, ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ „რუსი ხალხი პასუხისმგებელი არ არის“ უკრაინაში მათი პრეზიდენტის „გიჟური  მიუღებელი ქმედებებისთვის“ („les folles dérives inacceptables“).

ჟერარ დეპარდიემ ასევე განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში (1-3 აპრილს) პარიზში თავისი სამი კონცერტიდან მიღებულ შემოსავალს მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელთა დასახმარებლად გასცემს. შანზ-ელიზეს თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დეპარდიე თავისი უახლოესი მეგობრის, ფრანგი მომღერლის, ბარბარას სიმღერებს შეასრულებს.

2015 წელს უკრაინამ რუსეთის მოქალაქე დეპარდიე „შავ სიაში“ შეიყვანა არა მარტო პუტინთან მეგობრობის, არამედ მისი განცხადებების გამო: „მე მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია“, – განაცხადა დეპარდიემ და, ფაქტობრივად, ვერბალურად ხელყო უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

ჟერარ დეპარდიეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საფრანგეთის და რუსეთის. რუსული პასპორტი მან 2013 წლის იანვარში მიიღო საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამო. მას შემდეგ დეპარდიე შეუჩერებლად ადიდებდა თავის ახალ სამშობლოს და აქებდა მის პრეზიდენტს – ვლადიმირ პუტინს მიმდინარე წლის 31 მარტამდე, როდესაც მისი პოზიცია პუტინის მიმართ რადიკალურად შეიცვალა.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ჟერარ დეპარდიე გააბრაზა ჟურნალისტის შეკითხვამ: რატომ აძლევს ხმას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close