მსოფლიოპოლიტიკა

თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დელეგაციების შემადგენლობა არ შეცვლილა. უკრაინული დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, ასევე, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი დავიდ არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი. რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

შეხვედრის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს შეხვდა და მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დროს კვლავ გაამახვილა ყურადღება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე.

„როგორც თქვენი მეგობარი, ძალიან შეწუხებული ვარ ასეთი სიტუაციით. ჩვენ ძალისხმევა გავწიეთ, რათა შეწყვეტილიყო კონფლიქტი.

შევეცადეთ მშვიდობა აღგვედგინა, აღგვედგინა საერთაშორისო სამართალი.

ყველა პლატფორმაზე ვცდილობდით ორივე მხარის უფლებების დაცვას და საკითხთან სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფას. ჩვენმა ქვეყანამაც ბევრი ჯარისკაცი დაკარგა და ვეცადეთ, რომ ეს არ განმეორებულიყო ჩვენგან ჩრდილოეთით.

თურქეთი გრძნობს პასუხისმგებლობას ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის, გვჯერა, რომ მშვიდობა აღდგება. კონფლიქტის გაგრძელება სარგებელს არავის მოუტანს, ყოველი დაღუპული, ყოველი დანგრეული შენობა ჩვენი მომავლიდან ნაწილს გლეჯს.

მშვიდობის აღდგენა სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის და ყველასთვის.

ველოდებით თქვენგან კარგ ამბებს“.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების წარმატებული შედეგი ხელს შეუწყობს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას და რომ თურქეთი მზადაა, ამ შეხვედრას უმასპინძლოს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დატოვა და განაცხადა, რომ უზბეკეთში მიემგზავრება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close