მსოფლიოპოლიტიკა

ომის შედეგები კიევში – რა ხდება ამჟამად უკრაინის დედაქალაქში

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 222 ადამიანი, მათგან 60 – სამოქალაქო პირია, მათ შორის, 4 ბავშვი. ამის შესახებ კიევის საქალაქო მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი პოვოროზნიკმა 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

პოვოროზნიკის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დედაქალაქში 889 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, 241 – მშვიდობიანი მცხოვრები, რომელთაგან 18 ბავშვია, 3 – სასწრაფოს მძღოლი, ერთი კი – ექიმი.

მტერმა უკრაინის დედაქალაქში 36 საცხოვრებელი კორპუსი, 5 კერძო სახლი, 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი დააზიანა, აგრეთვე, დაზიანებულია 55 სახლის ფასადები, აივნები და ფანჯრები.

ამასთან, კიევში მუშაობს ინფრასტრუქტურა – კომუნალური სამსახურები, ტრანსპორტი, ექიმები და მაშველები, უზრუნველყოფილია ყველა კომუნალური მომსახურება, მუშაობენ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსერვისები, ზოომაღაზიები და სხვა დაწესებულებები. მუშაობა განაახლა 35-მა ბაზრობამ და ბაზარმა.

ნიკოლაი პოვოროზნიკის ინფორმაციით, დედაქალაქში რუსების წინააღმდეგ ბრძოლის 22 დღის განმავლობაში 757 ბავშვი დაიბადა: 403 ბიჭი, 354 გოგონა. ახალშობილებს შორის 13 ტყუპია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სატელიტური სურათები, როგორ მიემართებოდა რუსული მძიმე ტექნიკის უშველებელი კოლონა კიევისკენ, თუმცა შემდეგ ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოლონის ნაწილები დაშორიშორდა, აგრეთვე, ეს შესაძლოა იყოს რუსების მცდელობა, შეამცირონ თავიანთი ჯარების მოწყვლადობა უკრაინული კონტრშეტევების მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რუსულ არმიას.12 მარტს უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კიევს აიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ გაანადგურებენ ყველა უკრაინელს ქალაქში.

10 მარტს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ კიევის მცხოვრებთა ნახევარმა ქალაქი დატოვა, დედაქალაქი კი ციხესიმაგრედ გადაიქცა. მისივე განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობა ელოდება რუსული საოკუპაციო ჯარების იერიშს დედაქალაქის საავტომობილო გზებზე ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.

რუსები პერიოდულად ბომბავენ კიევს და ჭურვებს უშენენ საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას შორის პანიკა არ შეინიშნება. 16 მარტს უკვე ექსპერტები საუბრობდნენ, რომ კიევის ოკუპაცია მოსალოდნელი არ არის. გაწყვეტილი კოლონა კიევის მისადგომებთან, რაც რუსი ოკუპანტებისთვის ტექნიკით უზრუნველყოფის პრობლემას ქმნის, საკვების უქონლობა, აგრეთვე, უკრაინის ძლიერი საჰაერო თავდაცვა – ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქის შტურმის მცდელობა ოკუპაციური ჯარებისთვის დასასრული იქნება. დედაქალაქი მზადაა პოტენციური ბლოკადისთვისაც – კიევში დარჩენილი 2 მილიონი მოსახლეობისთვის რესურსები, სულ ცოტა, 2 კვირის სამყოფია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close