რუსები ამერიკელ ასტრონავტს დედამიწაზე დაბრუნების საშუალებას მისცემენ – იგი რუსული კაფსულით ყაზახეთში დაეშვება
დაძაბულობის მიუხედავად რუსები ამერიკელ ასტრონავტს დედამიწაზე დაბრუნების საშუალებას მისცემენ, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, დღემდე არსებობდა შიში, რომ 55 წლის მარკ ვანდე ჰეი შესაძლოა დედამიწაზე ვერ დაბრუნებულიყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეული დაძაბულობის გამო.
თუმცა ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია, რომ იგი რუსული კაფსულით ყაზახეთში დაეშვება. მასთან ერთად დედამიწაზე ორი რუსი კოსმონავტიც დაბრუნდება.
„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მარკი სახლში ბრუნდება… ჩვენ კომუნიკაციაში ვართ რუს კოლეგებთან“, – განაცხადა NASA-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროგრამის მენეჯერმა ჯოელ მონტალბანომ.
მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ასტრონავტებმა დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ იცოდნენ, ისინი გუნდურად მუშაობას განაგრძობდნენ“.
მანამდე რუსეთის კოსმოსური სააგენტოს – „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ სანქციები ტექნიკურ პრობლემებს უქმნიდა ISS-ს, მაგრამ NASA-მ აღნიშნა, რომ ის შეუფერხებლად აგრძელებდა მუშაობას.
მიმდინარე თვის დასაწყისში როგოზინმა თქვა, რომ „როსკოსმოსმა“ შეაჩერა რაკეტების მიყიდვა აშშ-სთვის ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ.
55 წლის ვანდე ჰეიმ კოსმოსში 355 დღე გაატარა, რაც აშშ-ისთვის ახალი რეკორდია.
accentnews.ge
კომენტარები