მსოფლიოპოლიტიკა

იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია ENI-მ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიის უდიდესი ნავთობ-გაზის კომპანია Eni აღარ გააფორმებს ახალ კონტრაქტებს რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე. გადაწყვეტილება კომპანიამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში მიიღო. 

ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით. Eni-ში აღნიშნავენ, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში კომპანია იმოქმედებს ევროპული და ნაციონალური ინსტიტუციების გადაწყვეტილებების შესაბამისად“.

ამჟამად იტალიაში ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40% რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის მთავრობა რუსული გაზის ალტერნატივებს ეძებს.

მანამდე ბრიტანეთის კომპანია British Petroleum-მა და ბრიტანულ-ნიდერლანდურმა კომპანია Shell-მა უარი თქვეს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის თაობაზე ხელმოწერილ კონტრაქტებზე.

8 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთიდან ნედლ ნავთობს და სხვა ენერგომატარებლებს – გაზს და ქვანახშირს აღარ შეისყიდის. რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გუშინ, ოთხშაბათს ხმების დიდი უმრავლესობით დაამტკიცა, ახლა კი ის სენატმა უნდა განიხილოს. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს სენატისგანაც მწვანე შუქი ექნება.

ბაიდენის გადაწყვეტილებას მხარი აუბეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ბრიტანეთი დაასრულებს რუსეთისგან გაზის შესყიდვას (ამჟამად მისი მოხმარების 8% რუსულ გაზზე მოდის), ალტერნატიულ საშუალებებს ეძებს ევროკავშირიც, რომლის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ეროკავშირისრუსული გაზის იმპორტს 2/3-ით შეამცირებს, 2030 წლისთვის კი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე სრულად იტყვის უარს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი არ შეზღუდავს ევროპაში ნედლეულის მიწოდებას სანქციების საპასუხოდ. მისივე თქმით, ამერიკა ეკონომიკურ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.

ასეთ სიტუაციაში დიდ მნიშვნელობას იძენს გაზის სამხრეთის დერეფანი (რომელიც სამი მონაკვეთისგან შედგება: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანსანატოლიური მილსადენი და ტრანსადრიატიკული მილსადენი) , რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენით (TAP) 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP-ი არის გაზის სამხრეთი კორიდორის ევროპული ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ „გაზპრომის“ მაგისტრალური გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება გერმანიამ 22 თებერვალს შეაჩერა.  მას რუსეთიდან გაზი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში და ევროპაში უნდა გაეტანა. 1234 კმ სიგრძის მილსადენი 5 ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გადის, ესენია: გერმანია, დანია, რუსეთი, ფინეთი, შვედეთი. მისი მშენებელობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა ოდესმე გაივლის მასში რუსული გაზი თუ არა, უცნობია – 9 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“ „მკვდარი“ უწოდა: „ეს არის ლითონის ჯართი, რომელიც ზღვის ფსკერზე განისვენებს“, – განაცხადა მან.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close