მსოფლიოპოლიტიკა

ვინ არის რუსი ბიზნესმენი, რომელმაც პუტინის „თავზე“ ერთი მილიონი აშშ დოლარი ჯილდო დააწესა

„უბედნიერესი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი და ამ თანხით დავაჯილდოებ ადამიანს, რომელიც პუტინს დააკავებს და გლობალურ ომს აგვარიდებს თავიდან“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 55 წლის რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ კონანიხინი, რომელმაც ერთი მილიონი აშშ დოლარი დააწესა ჯილდოდ მისთვის, ვინც მოახერხებს და ვლადიმირ პუტინს დააკავებს.

ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას სიტყვიერად განდგომილი რამდენიმე ოლიგარქისგან ქვეყნიდან წლების წინ გაქცეული რუსი ბიზნესმენი იმით განსხვავდება, რომ პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს. ამბობს, რომ ის ომის დამნაშავეა.

90-იან წლებში კონანიხინი გარკვეულ წრეებში რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. ბორის ელცინს აშშ-ში პირველი ვიზიტის დროსაც კი ახლდა. მაშინ, 25 წლის ასაკში უკვე 300 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობდა. შემდეგ დაუპირისპირდა ჯერ კგბ-სთან დაკავშირებულ ჯგუფს, ბოლოს თვით კრემლს. ის 8 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს და გაასამართლეს. კონანიხინი რუსეთიდან შეერთებულ შტატებში გაიქცა, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და დღემდე კალიფორნიაში ცხოვრობს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს. მოსკოვი წლების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდა მისი დეპორტაციისთვის. მერე მიივიწყეს.

რამდენიმე დღის წინ კონანიხინმა სოციალურ ქსელში პლაკატი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: „იძებნება: მკვდარი ან ცოცხალი. ვლადიმირ პუტინი. მასობრივი მკვლელობისთვის“. პოსტერს თან ერთოდა შემდეგი ტექსტი:

„გპირდებით, რომ ოფიცერს ან ოფიცრებს, რომლებიც მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დააკავებენ ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს, მიიღებენ 1 000 000 აშშ დოლარს.

…ვლადიმირ პუტინს არ აქვს უფლება, იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, როდესაც ხელისუფლებაში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების ოპერაციის შემდეგ მოვიდა, მოგვიანებით კი გააყალბა არჩევნები და დახოცა ოპონენტები.

…როგორც რუსი და რუსეთის მოქალაქე, მე ამას განვიხილავ ჩემს მორალურ მოვალეობად, რომ მონაწილეობა მივიღო რუსეთის „დენაციფიკაციაში“.

მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ეს პოსტი წაუშალა, კონანიხინმა LinkedIn-ზე გადაინაცვლა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში კი ამტკიცებს, რომ ჯილდო კვლავ ძალაშია და მას ყოველდღე სწერს ათასობით ადამიანი, რომელიც კითხულობს, თუ „როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და შემოწირულება დაამატონ მის ერთ მილიონს“.

რაც შეეხება ყურადღების მიქცევას, ასეთი „ყურადღება“ ბიზნესისთვის საზიანოა. ბიზნესს უყვარს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, და როდესაც ვინმე ამგვარ განცხადებას აკეთებს, ეს შემაშფოთებელია კლიენტებისა და ინვესტორებისთვის. ასე რომ, მე ამას საკუთარი ბიზნესის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვაკეთებ… „კაგებეს“ ბოლო 30 წელია ვაკრიტიკებ – შესაბამისად, იყო მომენტი, როდესაც რუსეთის მთავარი ძებნილი ვიყავი, ინტერპოლი წითელი ცირკულარით მეძებდა. ასეთი ტიპის „ყურადღება“ მხოლოდ მენტალურად ავადმყოფ ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ, მე კი მათ რიცხვს არ ვეკუთვნი.

ასე რომ, დიახ, აბსოლუტურად სერიოზულად ვაცხადებ ამას. ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოდ დახარჯული მილიონი. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი უკრაინაში უკან არ დაიხევს. დეესკალაცია მისთვის დამარცხებას უდრის. რადგან ის არჩეული ლიდერი არაა, მთელი მისი ლეგიტიმაცია ემყარება აღქმას, რომელსაც წლებია თავადვე რუდუნებით აკოწიწებს: ყოვლისშემძლე ლიდერი, იმდენად ძლიერი, რომ მის წინაშე ქედს იხრიან აშშ, ნატო, ევროკავშირი… მაგრამ თუ უკრაინასთან დამარცხდება, საკუთარი კვარცხლბეკიდან ძირს დაენარცხება, ეს დამამცირებელი იქნება მისთვის, და ხალხი დიადი ბელადის ნაცვლად „ლუზერად“ ჩათვლის. ეს კი ნიშნავს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება, რაც გარდაუვალად მიგვიყვანს მის დაპატიმრებასა და შეიძლება სიკვდილთანაც. ასე რომ, მისი ერთადერთი არჩევანი ესკალაციაა, ის დეესკალაციას არც განიხილავს.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close