fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბელარუსში უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების პროცესი მალე დაიწყება

ბელარუსში მოლაპარაკებების დასაწყებად ყველაფერი მზადაა. უკრაინული დელეგაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად ადგილზე უკვე ჩაფრინდა.  მოლაპარაკება უკრაინა-ბელორუსის საზღვართან, მდინარე პრიპიატის რაიონში გაიმართება.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დარბაზის ფოტო, სადაც დელეგაციები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო საკითხებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა.

უკრაინულ დელეგაციაში არიან მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი, უკრაინის სამმხრივი კონტაქტების ჯგუფის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდერეი კოსტინი, რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის „რუსეთის პოზიცია ჩამოყალიბებულია“ და რუსული მხარე მზადაა, იმდენ ხანს აწარმოოს მოლაპარაკებები, ვიდრე მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში გუშინ საღამოს მსჯელობდნენ, რა შუაშია ყოფილი კულტურის მინისტრი მედინსკი და რატომ დანიშნეს იგი დელეგაციის ხელმძღვანელად: „კინოს გადასაღებად მიდის?“ – ასეთი კითხვაც დაისვა მედინსკისთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლამდე კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა. დელეგაციის შემადგენლობაზეც ანალოგიური რეაქცია იყო – წამყვანისთვისაც და მისი სტუმარი რუსი ექსპერტისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ არის ის ხალხი დელეგაციაში, რომელიც არის.

შეთანხმებას მოლაპარაკების გამართვაზე მხარეებმა  27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მიაღწიეს – ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  უკრაინა დათანხმდა შეხვედრას ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე ბელარუსის ტერიტორიაზე, თუმცა არა ქალაქ გომელში, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა, არამედ საზღვართან, მდინარე პრიპიატთან ახლოსმდებარე რაიონში. მისივე თქმით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს.

მოლაპარაკებების გამართვის დაწყებამდე, დღეს ამოქმედდა ევროკავშირის სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების მიმოსვლის წინააღმდეგ. დღეს საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის დაწყებისთანავე რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. BBC წერს, რომ რუბლი ევროსთან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა და 1 ევროს ფასმა 130 რუბლი შეადგინა. Bloomberg-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი 115 რუბლი გახდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close