„დამალეთ თქვენი ახლობლები, თუ ისინი თქვენთვის ძვირფასია. არ გაუშვათ გარდაუვალი სიკვდილისთვის. მათ თითოეული უკრაინული ქალაქის თითოეული ფანჯრიდან მოკლავენ!“ – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა რუსეთის მცხოვრებლებს, უპირველესად კი – ჯარისკაცების ცოლებს და დედებს.
„მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით – ცოლებს, დედებს, რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების მეგობარ ქალებს. უკრაინაში რამდენიმედღიანი ინტერვენციის შედეგად განადგურებული იქნება იმდენივე სამხედრო პირი, რამდენიც ჩეჩნეთის ორი ომის შედეგად. ათასობით. ათასობით. რუსეთის მმართველი მკვლელი გახდა – არა მარტო უკრაინელების, რუსებისაც“, – აცხადებს რეზნიკოვი თავის ფეისბუქგვერდზე.
მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის უწყება საქმის კურსშია, თუ როგორ მიჰყავთ მოტყუებით რუსულ არმიაში ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭები და არ უმხელენ, თუ სად მიჰყავთ და რა ელოდებათ. იგი მოუწოდებს რუსეთის მოსახლეობას, გამოვიდნენ გარეთ და ომის შეჩერება მოითხოვონ.
„ჩვენ ვიცით, რომ ახლა მთელ რუსეთში სასწრაფოდ მიჰყავთ არმიაში სულ მთლად პატარა ბიჭები; რომ მინიმალური საბრძოლო უნარების გარეშე წვევამდელების გადასაყვანად ემზადებიან; რომ კონტრაქტორებს არ ეუბნებიან, სინამდვილეში სად მიჰყავთ და რა ელით მათ.
მათ მოკლავენ უკრაინის ყოველი ქალაქის ყოველი ფანჯრიდან. გამოდით ქუჩაში, მოითხოვეთ ომის შეჩერება, მოითხოვეთ რუსული არმიის უკრაინიდან გაყვანა.
ნუ გეშინიათ! სიმართლე თქვენს მხარესაა. ახლა ჯერ კიდევ შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა, რომ მერე არ ინანოთ.
როდესაც კრემლის სამხედრო დანაშაულებზე ყველა ინფორმაციას აეხდება ფარდა, თქვენი ახლობლები თქვენი მადლიერები დარჩებიან“, – დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები