ერთი ნახვით შეყვარება და ბედნიერების 81 წელი – ყველაზე ხანგრძლივი ქორწინების ამბავი
ბრიტანეთში რონ და ჯოის ბონდებმა ქორწინების 81-ე წლისთავი აღნიშნეს. მათი წყვილი ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმულია. ამის შესახებ BBC წერს.
რონსა და ჯოისს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და ბაკინგემშირში 1941 წლის 4 იანვარს დაქორწინდნენ. მაშინ ნეფე 21 წლის იყო, ხოლო პატარძალი -19-ის.
მათი ქალიშვილის, ეილინის თქმით, ქორწილის დღეს წყვილს უთხრეს, რომ მათი ქორწინება დიდხანს არ გასტანდა, თუმცა 102 წლის რონ ბონდმა და მისმა 100 წლის მეუღლემ დაამტკიცეს, რომ ეს მცდარი აზრი იყო.
„ჩვენს ურთიერთობაში უფროსი არ არსებობს. ორივე გავცემთ და ვიღებთ. არასოდეს გვეგონა, რომ ჩვენი ქორწინების დღიდან 81 წელს მივითვლიდით. ვიცით, რომ ძალიან გაგვიმართლა. ეს შესანიშნავი გრძნობაა“, – ამბობს ჯოის ბონდი.
მისი მეუღლე რონი კი აღნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს.
„ხანდახან ცხოვრება რთულია, მაგრამ სირთულეებს ერთად ვუმკლავდებით, ერთმანეთზე ვზრუნავთ“, – ამბობს იგი.
ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმულ წყვილს 2 შვილი, 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. შარშან, ქორწინების 80 წლის იუბილეზე მათ დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან მიიღეს მისალოცი ბარათი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები