მსოფლიოსაზოგადოება

ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ტყუპი ძმა COVID-19-ით გარდაიცვალა

საფრანგეთში ცნობილი ტელეწამყვანი ტყუპი ძმა – გრიშკა (გრეგუარ) და იგორ ბოგდანოვები (Grégoire “Grichka” Ostasenko-Bogdanoff, Igor Ostasenko-Bogdanoff) კორონავირუსით გარდაიცვალნენ. გრიშკა ბოგდანოვი 28 დეკემბერს გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა, იგორი – 3 იანვარს. ისინი კოვიდ-19-ზე აცრილები არ იყვნენ. ძმებმა ბოგდანოვებმა 1980-იან წლებში გაითქვეს სახელი, როგორც სატელევიზიო გადაცემების წამყვანებმა.

გრიშკას და იგორს წლების განმავლობაში სამეცნიერო-ფანტასტიკური სატელევიზიო გადაცემა «Temps X» მიყავდათ, რომელიც ეთერში 1979-იდან 1987 წლამდე გადიოდა. ძმები მაყურებელს ფიზიკაზე ესაუბრებოდნენ გასაგებ ენაზე. მათი კიდევ ერთი გადაცემა TF1 თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხებოდა.

როგორც francetvinfo.fr-სთან ინტერვიუში ძმების ადვოკატი ედუარდ დე ლამაზი ამბობს, ისინი აპირებდნენ, «Temps X » ისევ აღედგინათ და საავადმყოფოში მოხვედრამდე მის განახლებაზე მუშაობდნენ, თუმცა კოვიდ-19-მა მათი გეგმები ჩაშალა.

გრიშკა (მარცხნივ) და იგორ ბოგდანოვები

1990-იან წლებში ძმების სახის ნაკვთები მკვეთრად შეიცვალა – ნიკაპი დაუგრძელდათ, ტუჩები დაუმსხვილდათ და ყვრიმალებიც გაუდიდდათ. ისინი უარყოფდნენ პლასტიკური ქირურგიის ჩარევას და ბოტოქსის გაკეთებას, ამბობდნენ, რომ საკუთარ თავზე მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები გამოცადეს და ამაყობდნენ, რომ უცხოპლანეტელებს დაემსგავსნენ, თუმცა მათი მეგობრის, ლიუკ ფერის თქმით, ორივე ძმამ ბოტოქსის ინიექციები გაიკეთა. ძმების ნიკაპს სიმღერაც კი მიუძღვნეს, რომელმაც ფრანგული ჰიტპარადები „ააფეთქა“.

იგორის და გრიშკას მამა – იური ოსტასენკო-ბოგდანოვი რუსი მხატვარი იყო. იგი რუსეთში დაიბადა, ომის დროს, 13 წლის ასაკში გერმანელებმა იძულებით სამუშაოებზე წაიყვანეს. მან შემდეგ ესპანეთში გადასვლა შეძლო, სადაც ქართველი თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი დაეხმარა. იურიმ საბუთებით მოახერხა, თავადის წოდება მიეღო. ძმები კი ბებიამ გაზარდა – ავსტრიელმა გრაფინიამ ფრანგულ კოშკში. მათ ბრწყინვალე განათლება ჰქონდათ მიღებული, საუბრობდნენ ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, რუსულზე – თითქმის არა.

72 წლის ძმები კორონავირუსზე აცრილები არ იყვნენ. ახლობლების თქმით, ძმებს მიაჩნდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ გართულებებისგან დაიცავდა. ლიუკ ფერის თქმით, ისინი ძალზე სპორტულები იყვნენ, არასდროს ყოფილან ავად და სჯეროდათ, რომ კორონავირუსი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ფიქრობდნენ, რომ ვაქცინა უფრო საშიში იყო.

ყველაზე მეტად ფრანგები გააოგნა იმან, რომ მათი კუმირები, რომლებიც აუდიტორიას მეცნიერებაზე ესაუბრებოდნენ, აცრილები არ იყვნენ. მათი ადვოკატის, ედუარდ დე ლამაზის თქმით, ძმები ანტივაქსერები არ ყოფილან, უბრალოდ, მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს საკუთარ ორგანიზმზე და, სამწუხაროდ, მათი იმუნიტეტი დამარცხდა.

ბოგდანოვები კორონავირუსით დეკემბრის დასაწყისში დაინფიცირდნენ, თუმცა ეგონათ, რომ ეს ვირუსიც უბრალო გრიპივით იყო და მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. თვის შუა რიცხვებში ორივე საავადმყოფოში მოათავსეს. პირველი გრიშკა გარდაიცვალა, რის შესახებაც იგორს არ გაუგია, რადგან კომაში იყო, საიდანაც ვეღარ გამოვიდა.

იგორ ბოგდანოვი სამჯერ იყო დაქორწინებული და 6 შვილი ჰყავს, გრიშკა კი არასდროს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში და არც შვილი ჰყოლია. 

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close