იტალიაპოლიტიკა

24 იანვარს იტალიის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის ასარჩევად შეიკრიბება – ვინ შეცვლის მატარელას?

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატის თავმჯდომარემ რობერტო ფიკომ 24 იანვარს, 15:00 სთ-ზე პარლამენტის გაერთიანებული სხდომა მოიწვია რეგიონების დეპუტატების მონაწილეობით რესპუბლიკის პრეზიდენტის ასარჩევად.

როგორც დეპუტატთა პალატის პრესსამსახური იუწყება, სხდომის მოწვევის შესახებ ცნობა დღეს ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდება.

იტალიის პრეზიდენტს, კანონის თანახმად, გაერთიანებული კოლეგია ირჩევს – მთლიანობაში 1009 წევრი პარლამენტის ზედა (სენატი) და ქვედა (დეპუტატთა) პალატებიდან, 58 რეგიონული წარმომადგენლის ჩათვლით. ისინი ფარული კენჭისყრის რაუნდების სერიას გამართავენ.

ხმის მიცემის პირველ სამ რაუნდში პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა ხმების მინიმუმ 2/3-ის მოგროვება, ხოლო მეოთხე რაუნდიდან უკვე აბსოლუტური უმრავლესობაც (50%-ს + 1) საკმარისია.

ექსპერტთა აზრით, ამ პოსტზე ფავორტად მიიჩნევა მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი (დეკემბერში დრაგის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მთავრობა დასახულ ამოცანებს მის გარეშეც გაართმევდა თავს, ბევრმა პრეზიდენტის პოსტზე  მისი კანდიდატურის წამოყენების მინიშნებად მიიჩნია). სხვა პოტენციური პრეტენდენტები არიან: ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი (თუმცა სპეციალისტები მის შანსებს დაბალ შეფასებას აძლევენ), პარლამენტის ქვედა პალატის ყოფილი სპიკერი ფერდინანდო კაზინი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულიანო ამატო და ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია.

ახალი პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს – სერჯო მატარელას შეცვლის, რომლის უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა თებერვალში იწურება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close