ბილ გეითსის 7 პროგნოზი – რა მოხდება 2022 წელს
1. ბილ გეითსის აზრით, 2022 წელს კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება, იმის მიუხედავად, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და „დელტას“ სულ მალე ჩაანაცვლებს.
2020 წელს ის პანდემიის დასრულებას 2021 წლისთვის ვარაუდობდა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ არასათანადოდ შეაფასა, რამდენად რთული იქნებოდა ადამიანების დათანხმება ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე.
მისი აზრით, 2022 წელს კორონავირუსი კაცობრიობისთვის ენდემური, ანუ გრიპივით დამახასიათებელი დაავადება გახდება. ასევე მილიარდერი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის კაცობრიობას ვაქცინაციის ბევრად მეტი საშუალება აქვს.
2. მილიარდერის აზრით, 2022 წელს მსოფლიო დიდი პროგრესს მიაღწევს ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს დაავადება მსოფლიოში 50 მლნ ადამიანს სჭირს და ყოველწლიურად მათი რაოდენობა 10 მლნ-ით იზრდება.
დაავადების რისკ-ფაქტორებია გენეტიკური მიდრეკილება და მაღალი წნევა. ამ დროისთვის ალცჰაიმერის დაავადების კარდინალური მკურნალობის საშუალება არ არსებობს, წამლებს მხოლოდ მისი განვითარების შენელება შეუძლია.
დაავადების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მისი გამოვლენა უკვე პროგრესირებად სტადიებზე ხდება. ბილ გეითსის აზრით, სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის დაავადების ადრეულ სტადიებზე აღმოჩენის შესაძლებლობას გააჩენს, ეს კი მძიმე ფორმების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მილიარდერის თქმით, ამ კუთხით ბევრი ახალი აღმოჩენა გაკეთდა და 2022 წელი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.
3. მზის ბლოკირება. გეითსი იმედოვნებს, რომ 2022 წელს ამოქმედდება ჰარვარდის უნივერსიტეტში დამუშავებული კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერიმენტული საშუალება.
საუბარია პროექტ SCoPEx-ზე, რომელიც 20 კილომეტრის სიმაღლეზე კალციუმის კარბონატის გაშვებას ითვალისწინებს, რაც შექმნის ღრუბელს, რომელიც მზის მავნე გავლენას შეამცირებს. ამ პროექტში ინვესტიციები თავად ბილ გეითსმაც ჩადო.
4. ანალიზები – სახლში. გეითსი ასევე პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების სახლში შემოწმების საშუალებას მისცემს.
ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება პაციენტების „ჭკვიან საათებზე“ დაგროვილი ინფორმაციის მკურნალი ექიმისთვის გადაცემის გზით. ის ასევე დიდ პერსპექტივას ხედავს ტელემედიცინაში, რომელიც ადამიანებს სასურველ ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობას ონლაინ-რეჟიმში მისცემს.
5. პოლიომელიტის აღმოფხვრა. ბოლო ათწლეულების მანძილზე განვითარებულ ქვეყნებში ეს ვირუსული დაავადება თითქმის ამოიძირკვა, თუმცა ღარიბ ქვეყნებში ის დღემდე არსებობს. ბილ გეითსი 2022 წელს პოლიომელიტთან ბრძოლაში დიდი ინვესტიციების ჩადებას აპირებს და იმედოვნებს, რომ ამ კუთხით 2022 წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.
6. წყალბადის ტრანსპორტი. გეითსის აზრით, 2022 წელს მოსალოდნელია სერიოზული გარღვევა წყალბადის ენერგეტიკაში, პროექტების Breakthrough Energy Ventures, Catalyst და Fellows-ის ფარგლებში.
ის ეკოლოგიურად სუფთა და იაფი წყალბადის საწვავის შექმნის საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს პროგნოზირებს. ამ პროექტებში, რომლებიც ინგლისში ხორციელდება, გეითსმა 400 მლნ ფუნტი ჩადო.
7. შეხვედრის ადგილი – მეტასამყარო. 2-3 წელიწადში ვირტუალური შეხვედრების დიდი ნაწილი მეტასამყაროში შედგება. „იდეა იმაშია, რომ ავატარის გამოყენებით შეძლებთ ვირტუალურ სამყაროში კოლექტიური შეხვედრების გამართვას ისე, რომ ერთ ოთახში ყოფნის ილუზია გექნებათ.
ამისთვის სპეციალური სათვალეები და ხელთათმანების დაგჭირდებათ. 2022 წელს ჩვენ ამ ტენდენციის პირველი ნაბიჯების მოწმეები გავხდებით“, – თვლის ბილ გეითსი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეტა-სამყაროს ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარება და ახლო მომავალში ამ მხრივ პროგრესი კიდევ უფრო დაჩქარდება.
commersant.ge
კომენტარები