კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეიტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო.
ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად, იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას“.
კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
„პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ. რიგგარეშე სხდომები 29-30 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები