მედიცინამსოფლიო

ახალი მონაცემები „ომიკრონზე“, რომელიც დიდ ბრიტანეთს „მოედო“ და ალბათ ევროპაში დომინანტი გახდება

„ბიბისის“ ინფორმაციით, სამშაბათს, 14 დეკემბერს გამოქვეყნებული ერთ-ერთი პირველი რეცენზირებული კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ კოვიდგადატანილი და აცრილი ადამიანები უფრო მეტად არიან დაცულები ახალი ვარიანტის – „ომიკრონისგან“.

ამასთან, ვირუსის ლაბორატორიული ნიმუშები, რომლებიც ამ კვლევისას შეისწავლეს, აჩვენებენ, რომ „ომიკრონს“ წინა ვარიანტებთან შედარებით ნამდვილად უფრო მეტად აქვს უნარი, „დაუძვრეს“ ორგანიზმის იმუნურ დაცვას, რომელიც ადამიანმა ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად შეიძინა.

ჟურნალ Emerging Microbes & Infection-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, ასევე, აჩვენებს, რომ მართალია მესამე აცრას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს იმუნიტეტი, მაგრამ ის „ომიკრონისგან“ სრულად ვერ დაგვიცავს.

მეცნიერების თქმით, ეს წინასწარი შედეგებია და ახალი ვარიანტის მიმართ როგორი იქნება იმუნური დაცვა, ამის გარკვევას დამატებითი კვლევები სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ყოველდღიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება. ეს არა ოფიციალური სტატისტიკა, არამედ მეცნიერულ მოდელირებაზე დაფუძნებული მაჩვენებელია.

ამ დროისთვის ბრიტანეთში დადასტურებულია „ომიკრონის“ 5000 შემთხვევა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა ელვის სისწრაფით მატულობს და ყოველ ორ-სამ დღეში დაახლოებით ორმაგდება. ბრიტანეთის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში ამჟამად არსებულ აქტიურ შემთხვევათა 40%-ზე მეტი სწორედ „ომიკრონზე“ მოდის, ლონდონში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა 44%-ში „ომიკრონი“ გამოვლინდა. არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ვარიანტი მალე „ჩაანაცვლებს“ „დელტას“.

გუშინ, 13 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა. მისივე თქმით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის დიაგნოზით საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი, უმრავლესობა ორჯერ არის აცრილი. მან თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაანებონ იმაზე ფიქრს თავი, რომ ახალი ვარიანტი ნაკლებად საშიშია და აუცილებლად აიცრან.

მეცნიერთა მოსაზრებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ე.წ. ბუსტერული აცრა ახალი შტამისგან საკმაოდ იცავს ადამიანის ორგანიზმს.

ამასთან, სამხრეთაფრიკელი მეცნიერების მტკიცებით (სწორედ სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა „ომიკრონი“ პირველად), არ არსებობს მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ წინა ვარიანტებზე უფრო სახიფათოა.

Covid-19-ის ერთ-ერთი წამყვანი სამხრეთამერიკელი ექსპერტი პროფესორი სალიმ კარიმი იმოწმებს იმ რაიონის საავადმყოფოს მონაცემებს, სადაც პირველად აღმოაჩინეს ვარიანტი „ომიკრონი“. მისი თქმით, პანდემიის წინა ტალღებთან შედარებით „ომიკრონით“ ინფიცირებისას გაცილებით ნაკლებ პაციენტს დასჭირდა ჟანგბადის აპარატი ან რეანიმაციაში მოთავსება. ამ ტალღის დროს 4-იდან მხოლოდ ერთი შემთხვევა მძიმდება და ეს შესამჩნევი განსხვავება მარტო ვაქცინის დამსახურება არ არის, რადგან დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევების შემცირება ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება, მათი ჩათვლით, ვინც არ აუცრიათ.

იგივე ტენდეციაა სიკვდილიანობის მაჩვენებლების მხრივ. პროფესორი მარტა ნუნესი უიტსის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის დონე „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო დაბალია, ვიდრე წინა ვარიანტების გავრცელებისას. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ დასკვნების გასაკეთებლად მონაცემები ჯერჯერობით არასაკმარისია, გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ „მოიქცევა“ სხვა ქვეყნებში ომიკრონი, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ ტვიტერზე დაწერა, რომ „ომიკრონი“ ელვის სისწრაფით ვრცელდება და შესაძლოა მალე ევროპაში დომინანტი გახდეს.

ბოლო 24 საათში ევროპის ქვეყნებში „ომიკრონის“ 441 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მთლიანობაში კი, მისი გამოჩენიდან დღემდე – 2127, მათ შორის, 130 – საფრანგეთში, 101 – გერმანიაში,  41 – ესპანეთში, 27 – იტალიაში, 5 – საბერძნეთში და სხვ. დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ეს მონაცემები ყოველდღიურად ახლდება.

ამასთან, „ფაიზერის“ ვაქცინის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მათი ვაქცინის 3 დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორიც ორი დოზა – წინა ვერსიების წინააღმდეგ. ამ დასკვნამდე კომპანიაში მცირე კვლევის ჩატარებისას მივიდნენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს წინასწარი მონაცემებია და კვლევას გააგრძელებენ.

პოპულარული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ შემქმნელი კომპანიები – Pfizer-ი და BioNTech-ი სპეციალურად „ომიკრონისთვის“ ვაქცინის შექმნისთვისაც მუშაობენ, რომელიც, როგორც თავად აცხადებენ, მარეგულირებლის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მიწოდებისთვის მზად 100 დღეში ექნებათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close