მიგრაციაქართველები უცხოეთში

უკანასკნელი შანსი სიცოცხლის გადასარჩენად

რატომ იზიდავს ევროპა ქართველებს?

საქართველო თავსატეხად ექცა ევროკავშირის – ბლოკის წევრ ქვეყნებს ათასობით ქართველი სთხოვს ლტოლვილის სტატუსს. განსაკუთრებით 2017 წლის შემდეგ, რაც ქართველებს აღარ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში მოსახვედრად. თავშესაფრის მთხოვნელთა ეს ტალღა ევროპაში აჩენს უკმაყოფილებას და საფრთხეს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გადახედონ.

რატომ იზიდავს ევროპა ქართველებს? მუშაობის შესაძლებლობა, ღირსეული ანაზღაურება, უფასო და ხარისხიანი ჯანდაცვა თუ დაცულობის შეგრძნება მიზეზების მხოლოდ ერთი ნაწილია. სხვები გაურბიან ჩაგვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო და ოჯახში ძალადობას. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი სამშობლოს საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად ტოვებს.

ვის (არ) აქვს შანსი?

მას შემდეგ, რაც 2015 წელს 1 მილიონზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა ევროპაში, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან, მიგრანტების ნაკადთან გამკლავება ევროკავშირისთვის იოლი არ ყოფილა.

ლტოლვილის სტატუსი ენიჭება მას, ვისაც დევნიან რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური მრწამსის ან სამშობლოში რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ასოციაციის გამო.

დამხმარე დაცვის სტატუსს კი იმათ აძლევენ, ვისაც სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრებათ: წამება ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა; სიკვდილით დასჯა; შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციებში სიცოცხლის საფრთხე.

მიგრაციის სპეციალისტების გამოცდილებით, საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მთხოვნელთა დაახლოებით 2%-ს თუ აქვს რეალური შანსი, მიიღოს სტატუსი. ესენი არიან ლგბტ ადამიანები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და იშვიათ შემთხვევაში – მძიმედ დაავადებული ადამიანები.

„პირადად ჩემი გამოცდილებით, უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ლტოლვილის სტატუსი. ადამიანები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ [ფინანსურად] უჭირთ საქართველოში, არ აქვთ სამსახური და უნდათ, რომ საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. მათ ჰგონიათ, რომ ჩამოვლენ აქ და სახლს მისცემს საფრანგეთი, საკვებს, ყოველთვიურ თანხას. ასე არაა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სალომე საძაგლიშვილი, პარიზის რეგიონში ლტოლვილების ინტეგრაციის პროექტის თანახელმძღვანელი.

საფრანგეთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა (29%) ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისთვის.

სალომეს თქმით, კვირაში 10-15 ადამიანი მაინც ეკითხება, როგორ შეიძლება საფრანგეთის მოქალაქე გახდეს. ზოგი საქართველოდან, ზოგიც უკვე საფრანგეთში მყოფი. „ასეთი შემთხვევაც მქონდა: დედამთილთან ერთად ვცხოვრობ, ვერ ვეგუები, კონფლიქტი გვაქვს და ჩემი სახლი მინდა მქონდეს და მანდ ჩამოვალ, ლტოლვილის სტატუსს მოვითხოვ, ქმართან და ბავშვებთან ერთადო“, – იხსენებს სალომე და ამატებს: „რა თქმა უნდა, არავის განვსჯი, მაგრამ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი ლეგალური, კანონიერი უფლება ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა“.

იმისთვის, რომ ლტოლვილის სტატუსი გასცეს, კონკრეტული ქვეყნის მიგრაციის სამსახური იკვლევს, რამდენად რეალურია ის ისტორია და გარემოებები, რომლის გამოც მსურველი თავშესაფარი ითხოვეს. ასევე, მტკიცებულებებს, რომ სამშობლოში სამართალი არ დადგა.

„იყო შემთხვევა, როცა ქალი ამტკიცებდა, რომ ქმარი ნამდვილად სცემდა, ჰქონდა ექიმების ცნობები, რომ ნაცემი იყო, მაგრამ მას არ უჩივლია ქმრისთვის, ამიტომ, უკვე უარი უთხრეს“, – ჰყვება სალომე. ხშირად საქართველოს მოქალაქეები ლტოლვილის სტატუსის მისაღებად აბსურდულ მიზეზებსაც ასახელებენ. „მყავდა კლიენტი, რომელიც ამბობდა, რომ მეზობელი უკეთებდა ჯადოს და ამიტომ გამოიქცა გერმანიაში. ეს [სიტყვა] „ჯადოც“ არ არსებობს გერმანულში და მოკლედ, დავიტანჯეთ. იძახდა ამის გამო შვილები არ მიჩნდებოდა, ამის მტკიცებულებები მაქვსო. მე ვუთხარი, გეხვეწები თმები და რაღაცები არ ამოალაგო-მეთქი. მერე გაჩერდა“, – ამბობს თარჯიმანი და იურისტი ეთერი ჰანჩმანი.

ეთერი გერმანიაში, დრეზდენში ცხოვრობს და მიგრანტების დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ორგანიზაციის 10-იდან 4 კლიენტი ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების წევრია.

2018 წელს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა სტეფან მაიერმა გაზეთ Welt-თან „თავხედური და მიუღებელი“ უწოდა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენებას თავშესაფრის მოთხოვნით, ჯანდაცვის სისტემის გამოყენებისთვის. მან გააჟღერა გაფრთხილება, რომ ტენდენციის არშეჩერების შემთხვევაში ევროკავშირს შეუძლია გააუქმოს უვიზო მიმოსვლა. ამავე წელს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შტატმა მოუწოდა გერმანიის ფედერალურ მთავრობას, გაეუქმებინა უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა „დანაშაულებრივი ქმედებების“ გამო.

შვედეთის ხელისუფლებამ ასევე ილაპარაკა მსგავს ტენდენციაზე. ქვეყნის შს მინისტრი, მორგან იოჰანსონი ჩიოდა, რომ შვედეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა და განმცხადებლებს შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ. მან საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, გადადგას ნაბიჯები პრაქტიკის დასასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვიზო მიმოსვლის დაკარგვით საფრთხეზე მიუთითა.

საქართველოში, 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვას კონკრეტული ადამიანებისთვის ფინანსური ტვირთი უნდა შეემსუბუქებინა, თუმცა ბევრი მაინც ასახელებს ფულს, თუ მის არქონას, როგორც ჯანმრთელობის გამო მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. ამას ემატება საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობა და არასწორი მკურნალობისა თუ დიაგნოზის დასმის კონკრეტული ფაქტები.

ჯანმრთელობა იშვიათ შემთხვევებში ხდება ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძველი – მხოლოდ მაშინ, თუ დამტკიცდა, რომ დაავადება მიგრანტის სამშობლოში არ იკურნება.

„თავშესაფარი მართლა თავშესაფარია“

განცხადების განხილვისა და სტატუსის მინიჭების პროცედურა, როგორც წესი, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე იწელება. ამ პერიოდში მიგრანტი ცხოვრობს კოლექტიურ მისაღებ ცენტრში სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის და ასაკის ადამიანებთან ერთად. გაძლევენ მინიმალურს – საწოლს, აბაზანას, საკვებს.„თავშესაფარი მართლა თავშესაფარია. არ გაქვთ არანაირი პირადი სივრცე. მინიმუმ პირველი 6 თვე ცხოვრობთ დაახლოებით 300 კაცთან ერთად, იყოფთ მათთან პირსაბანს, საპირფარეშოს, აბაზანას. არის სასადილო სივრცეები, რომელშიც თქვენ საჭმელს ვერ აკეთებთ და გაძლევენ ჯიბის ფულს, რომელიც არის მიზერული“, – განმარტავს ეთერი ჰანჩმანი, თარჯიმანი და იურისტი. მრავალეთნიკურ საერთო საცხოვრებლებში ხშირია მწვავე რელიგიური კონფლიქტები ქართველებსა და მუსლიმებს შორის – ქართველებს აღიზიანებთ, როცა მუსლიმები ლოცულობენ.საფრანგეთში და განსაკუთრებით პარიზის რეგიონში დიდი შანსია, რომ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ღამით ქუჩაში დარჩეს. პრობლემაა თავის გატანაც – პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში ადგილობრივებსაც კი უჭირთ ბინის დაქირავება, რადგან მეპატრონეები, როგორც წესი, ითხოვენ სამსახურის მუდმივ კონტრაქტს და დაზღვევას. „მაქვს შემთხვევა – ორსული ქალი, ორი ბავშვით ქუჩაში ღამეს ათენებდა კვირობით და თვეობით. ჯანმრთელობის პრობლემა და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგას ადამიანს, ყველაფერი უღირს და ქუჩაშიც დაიძინებს. სხვები, ვისაც ჰგონია, რომ მიიღებენ ლტოლვილის სტატუსს და სახლს და ფულს, 99%-ს ეს იმედები უცრუვდება“, – ამბობს ზაზა ფუტკარაძე, ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ პრეზიდენტი.

გააგრძელე კითხვა აქ: უკანასკნელი შანსი სიცოცხლის გადასარჩენად radiotavisupleba.ge/ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close