ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვრები ისევ ჩაკეტა – მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები ომირკონისგან დასაცავად
კორონავირუსის ახალი ვარიანტის – ომიკრონის გამო პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ისრაელი ორშაბათიდან, 29 ნოემბრიდან ყველა უცხოელისთვის ჩაკეტოს ორი კვირით, ისრაელის მოქალაქეები კი, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, ვალდებულნი არიან, კარანტინი გაიარონ. COVID-19-თან ბრძოლის სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება საგანგებო სხდომაზე მიიღო და ის მაშინვე შევიდა ძალაში.
საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა ისრაელის მოქალაქეებმა აეროპორტში PCR-ტესტი უნდა ჩაიტარონ და კარანტინში გადავიდნენ, რომლის დასრულების შემდეგ კორონავირუსზე კიდევ ერთი ტესტის გაკეთება მოუწევთ. კოვიდგადატანილებისა და ვაქცინირებულებისთვის სავალდებულო კარანტინის ვადა 3 დღეა, აუცრელებისთვის – 7 დღე იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, ხოლო 14 დღე – თუ განმეორებით ტესტს არ ჩაიტარებენ.
ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც „წითელი ზონის“ სტატუსის მქონე აფრიკის ქვეყნებიდან ბრუნდებიან, კარანტინის გავლა სპეციალიზებულ სასტუმროებში მოუწევთ. გარდა ამისა, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ომიკრონ შტამით ინფიცირებულ პირებზე ციფრული თვალთვალი დაწესდება.
ისრაელში ამ დროისთვის ომიკრონით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. არსებობს ეჭვი კიდევ რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც ტესტირების შედეგებს ელოდებიან და პასუხამდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
პარასკევს, 26 ნოემბერს საგანგებო სხდომაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამი B 1.1.529 „შეშფოთებას იწვევს“ და მას „ომიკრონი“ (Omicron) უწოდა – ბერძნული ანბანის მე-15 ასოს შესაბამისად.
ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში (აფრიკის ქვეყნების გარდა), მათ შორის, იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში (გუშინ სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 13 მგზავრს დაუდასტურდა ომიკრონის შტამი).
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აფრიკის სამხრეთით მდებარე ზოგიერთი ქვეყნიდან რეისები აკრძალა და გაამკაცრა რეგულაციები იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ ბოლო 14 დღის განმავლობაში..
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში ამოქმედდა რეგულაციები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში ექვემდებარება ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია: სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ახალი შტამი B 1.1.529, წინასწარი მონაცემებით, უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი (დელტა). მეცნიერების თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციების რაოდენობა შემაშფოთებელია. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა და პირველი რიგის ამოცანაა, გაირკვეს, რამდენად გადამდებია ომიკრონი და რამდენად მედეგია ის ვაქცინების მიმართ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები