პოლიტიკა

შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დამტკიცებიდან 7,5 სთ-ში დატოვა

მაგდალენა ანდერსონმა რიკსდაგის (შვედეთის პარლამენტი) მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი დამტკიცებიდან 7,5 სთ-ში უარი თქვა პოსტის დაკავებაზე. თავისი გადაწყვეტილება ანდერსონმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს აცნობა, რომელმაც თხოვნა დააკმაყოფილა.

მედიის ინფორმაციით, მაგდალენა ანდერსონმა, რომელიც შვედეთის სოციალ-დემოკრატიული შრომის პარტიის ლიდერია, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება 24 ნოემბერს მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების  („შვედი დემოკრატები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“) მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და მისმა მოკავშირე „მწვანეთა პარტიამ“ სამთავრობო კოალიცია დატოვა.

„არ მსურს, ვხელმძღვანელობდე მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევს“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.

შვედეთში გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, თუ მასში შემავალი ერთ-ერთი პარტია დატოვებს კოალიციას. მაგდალენა ანდერსონის თქმით, ანალოგიური წესი „უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც რიკსდაგმა უკვე აირჩია პრემიერ-მინისტრი, თუმცა კაბინეტი ჯერ არ შესდგომია თავისი უფლებამოსილების განხორციელებას“.

მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პირველი ქალი უნდა ყოფილიყო. მისმა წინამორბედმა, ასევე სოციალ-დემოკრატმა სტეფან ლიოვენმა გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, 7-წლიანი პრემიერობის შემდეგ. სოციალ-დემოკრატებმა პარტიის ლიდერად მაგდალენა ანდერსონი ნოემბრის დასაწყისში აირჩიეს.

ლიოვენის გადადგომით მაგდალენა ანდერსონს საშუალება მიეცა, გაემაგრებინა თავისი პოზიციები 2022 წლის ზაფხულის ბოლოსთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. მას წინამორბედისგან მემკვიდრეობად დარჩა არაერთი სერიოზული პრობლემა, მათ შორის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება შვედეთის ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად არჩეული შედარებით რბილი ზომების გამო, აგრეთვე, დანაშაულის გაზრდილი დონე ყაჩაღური დაჯგუფებების მონაწილეობით.

ამასთან, მაგდალენა ანდერსონი იმედოვნებს, რომ რიკსდაგი ისევ დაუჭერს მას მხარს, როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერს.

პოლიტიკური პროცესი დღეს დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close