ყველაზე ნაადრევად დაბადებული ჩვილი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (ვიდეო)
იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დროზე ადრე მოევლინნენ ქვეყანას და გადარჩნენ, ყველაზე ნაადრევად დაბადებულად ეს პატარა ბიჭუნა – კერტის მინსი (Curtis Means) ითვლება. როდესაც გაჩნდა, ის სულ რაღაც 420 გრამს იწონიდა.
კერტისი შარშან 5 ივლისს 132 დღისა მოევლინა ქვეყანას აშშ-ში, ალაბამაში, დედის ფეხმძიმობის 21 კვირისა და ერთი დღის თავზე. ექიმები მხოლოდ 1%-ს იძლეოდნენ იმედს, რომ ბავშვი გადარჩებოდა. ბიჭუნა თავის დასთან ერთად დაიბადა, თუმცა გოგონამ მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა.
მიშელ ბატლერის ფეხმძიმობა თავიდან ნორმალურად მიდიოდა, თუმცა გასული წლის ივლისში მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. იგი ბირმინგემში ალაბამის უნივერსიტეტის ნეონატოლოგიისა და პედიატრიის განყოფილებაში მოათავსეს, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
პატარა რეკორდსმენის დედა ჟურნალ „გინესთან“ ინტერვიუში ამბობს:
„ექიმებმა არ იცოდნენ, გადარჩებოდა თუ არა იგი, ამიტომ უბრალოდ მითხრეს, რომ ლოცვა გამეგრძელებინა“.
პირველი სამი თვის განმავლობაში კერტისი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული. მთელი წლის განმავლობაში მას მილით კვებავდნენ, შემდეგ კი საჭირო იყო, რომ ესწავლებინათ საკვების დაღეჭვა და გადაყლაპვა, თუმცა ახლა ეს სიძნელეები უკან დარჩა – საავადმყოფოში გატარებული 275 დღის შემდეგ მიმდინარე წლის აპრილში კერტის მინსი საავადმყოფოდან გაწერეს.
ბიჭუნას დედა მიშელ ბატლერი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, როდესაც ბოლოს და ბოლოს შეძლო, შვილი სახლში წაეყვანა, სადაც მას 2 უფროსი ძმა ელოდებოდა. კერტისს ჯერ კიდევ სჭირდება ჟანგბადით დახმარება და მილით კვება, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ბავშვი ჯანმრთელია და ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
„არ ვიცი, რა ელოდება ბიჭუნას მომავალში, – ამბობს მისი მკურნალი ექიმი ბრაინ სიმსი, – რადგან მისი მსგავსი არავინ არის. – მან საკუთარი ისტორიის დაწერა დაიწყო თავისი დაბადების დღიდან. ამ ისტორიას ბევრი წაიკითხავს და შეისწავლის და იმედი გვაქვს, რომ ის მომავალში ნაადრევად დაბადებული ბავშვების მოვლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს მთელ მსოფლიოში“.
კერტისი უკვე წლის და 4 თვისაა და გინესის რეკორდების წიგნში მხოლოდ ახლაღა მოხვდა – ამის შესახებ გასულ ოთხშაბათს განაცხადეს გინესის რეკორდების წიგნისა და ალაბამის უნივერსიტეტის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა.
წინა რეკორდი რიჩარდ ხატჩინსონს ეკუთვნოდა, რომელიც დედის ფეხმძიმობის 21 კვირასა და 2 დღეზე დაიბადა და ეს მოხდა კერტისის დაბადებამდე ერთი თვით ადრე – 2020 წლის 5 ივნისს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები