დასახელდა დრო, როდესაც შევძლებთ თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩასვლას
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 14 გვირაბი, პარალელურად კი სამუშაოები გრძელდება 80 ხიდსა და 47 გვირაბზე.
რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4-ზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა „საუკუნის პროექტია“, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.
ამ დროისთვის რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათში გახდება შესაძლებელი.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშნებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად ერთმანეთს დაუკავშირდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.
კომენტარები