fbpx
კრიმინალიპოლიტიკა

თბილისში სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ცნობით, ექსპრეზიდენტი უნდა დაესწროს სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში 10 ნოემბერს

თბილისის საქალაქო სასამართლო ითხოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის დასწრებას საქმის განხილვისა და სასამართლოს დარბაზში პროცესის მსვლელობის დროს, განაცხადა სამშაბათს, 9 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი გამოცემა წერს.

10 ნოემბერს დაგეგმილია მოსმენა 2007 წლის ოპოზიციური მიტინგის ძალის გამოყენებით დაშლისა და ძალოვანთა მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე, რომლებზეც  გამოძიება უკვე 8 წელია მიმდინარეობს. სააკაშვილის მიმართ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„დამიკავშირდნენ საქალაქო სასამართლოს სხდომის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა, რომ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში და რომ ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას სასამართლოს დარბაზში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბასილაიამ.

მან აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციარული სამსახური ვალდებულნი არიან, სასამართლოს მოთხოვნა შეასრულონ. თუ „მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოს დარბაზში არ გაიმართება, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება შეშინებულია“, – მიაჩნია ადვოკატს.

ოპოზიცია საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს 

სააკაშვილი 8 ნოემბრიდან გლდანის რაიონის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც იგი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და საფრთხეების ზრდის თავიდან აცილების მიზნით“.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი  არჩევნების წინ დაბრუნდა თავისი მომხრეების მობილიზების მიზნით. იგი დააკავეს და ციხეში ჩასვეს, რის შემდეგაც შიმშილობა გამოაცხადა. ბოლო კვირებში თბილისსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

სამშაბათს პარლამენტის შენობასთან გამართულ ოპოზიციის მიტინგზე განაცხადეს, რომ აპირებენ მივიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, თუ პროცესი იქ გაიმართება.

„სასამართლოს ეზოში ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან მშვიდობიანები“, – მოუწოდა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკანო მელიამ თანამოაზრეებს“, – წერს „დოიჩე ველე“.

ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მიტინგები მიმდინარეობს იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებთან.

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

როგორც წინა დღეებში, ისე დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

დაახლოებით დღის პირველის ნახევარზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ცნობით, მისი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის გარეშე გაიმართება.

სპეციალური პენიტენციარული  სამსახური სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარის მიზეზებად  ასახელებს გადაყვანისას შესაძლო საფრთხეს და „დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დანიშნულ სხდომაზე განიხილება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის საქმე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა დაუსწრებლად ორ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა – ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close