იტალიაპოლიტიკა

იტალიის სენატის მიერ ჰომოფობიის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს

იტალიის სენატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჰომოფობიისთვის. ამის შესახებ მედია იუწყება.

მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის რასიზმთან გათანაბრებას გულისხმობს, რისთვისაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც იტალიის პარლამენტის ზედა პალატის სხდომაზე სამშაბათს გავიდა განსახილველად, 154-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, მომხრე კი 131 დეპუტატი იყო.  კენჭისყრა ფარულად ჩატარდა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგე სენატორებმა შეძახილებითა და აპლოდისმენტებით აღნიშნეს კენჭისყრის შედეგი.

სენატში განხილვამდე კანონპროექტი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატამ დაამტკიცა ერთი წლის წინ, 2020 წლის შემოდგომაზე.

სენატში კენჭისყრის პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო დოკუმენტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის კომპრომისის არარსებობის გამო.

საბოლოოდ, მემარჯვენე პარტიების  – მატეო სალვინის „ლიგისა“ და ჯორჯა მელონის „იტალიის ძმების“ ინიციატივით, ფარული კენჭისყრა გაიმართა და სენატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

იტალიის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტს მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ შეუძლია განაახლოს კანონპროეტის განხილვა. მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელი იქნება აღნიშნული კანონის მიღება მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადაში, ანუ 2023 წლის დასაწყისამდე.

„კანონპროექტი მკვდარია“, – განაცხადა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, სენატორმა დარიო პარინიმ.

ამავე პარტიის წევრმა, ლგბტ თემის დამცველმა და აქტივისტმა, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრო ზანმა სენატის ამ გადაწყვეტილებას უწოდა „შავი ფურცელი ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი უფლებებისთვის“, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ კი „სამარცხვინოდ“ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 2016 წლიდან ნებადართულია ერთი სქესის მქონე ადამიანთა სამოქალაქო ქორწინება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close