მსოფლიოკრიმინალი

ე. წ. კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა ესპანელი მოსამართლეები მოისყიდა – პუჩდემონის ადვოკატი

ბარსელონის საგამოძიებო სასამართლოს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მიმოწერა, რომელიც შესაძლოა მოწმობდეს იმას, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა ზაქარია კალაშოვმა (შაქრო მოლოდოი) მნიშვნელოვანი თანხა გადაუხადა ესპანელ მოსამართლეებს ქრთამის სახით, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ. ამის შესახებ 25 ოქტომბერს გაზეთმა El Confidencial-მა გაავრცელა ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ვერსიით, შესაძლო მოსყიდვის შესახებ შეიტყო ბარსელონის საგამოძიებო სასამართლოს პირველმა მოსამართლემ ჟოიაკინ აგირემ, რომელიც კატალონიის სეპარატისტული პროცესის სავარაუდო არაკანონიერ დაფინანსებას იძიებს. კერძოდ, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიაში კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონის თანამებრძოლ ჟოზეპ ალაის ტელეფონში აღმოაჩინეს 2020 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული მიმოწერა ავტონომიის ყოფილი ლიდერის ადვოკატთან – გონსალო ბოიესთან, რომელშიც კალაშოვია ნახსენები.

პუჩდემონის ადვოკატი ირწმუნება, რომ კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა თავისი ადვოკატი გამოიყენა, რათა ესპანეთის სამეფოს სასამართლო ხელისუფლებისგან მსჯავრის მნიშვნელოვანი შემსუბუქებისთვის მიეღწია დიდი თანხის სანაცვლოდ.

კალაშოვი, რომელსაც ესპანეთში ფულის გათეთრებაში ედებოდა ბრალი, 2006 წელს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.

კალაშოვი 2010 წელს გაასამართლეს ესპანეთში. მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ 9 წლამდე გაზარდეს. რამდენადაც კალაშოვმა სასამართლოს მოლოდინში 4 წელი უკვე გაატარა პატიმრობაში, მას განსაკუთრებული პენიტენციარული რეჟიმის მოთხოვნა შეეძლო.

2010 წელს კალაშოვის ექსტრადიციას საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებები ითხოვდნენ. საქართველოში კალაშოვს დაუსწრებლად მიუსაჯეს 18-წლიანი პატიმრობა მოსკოვის სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კრიმინალური „ბუღალტრის“ – ალექს კრეინის გატაცებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებისთვის (საქართველოს სს კოდექსის 144-ე და 223-ე მუხლები). ესპანეთმა საქართველოს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ კალაშოვს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

2015 წლის 29 ოქტომბერს, ესპანეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, შაქრო კალაშოვი  რუსეთში დაბრუნდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close