იტალიელი მამაკაცი დედის ცხედარს 2 წელი კარადაში მალავდა პენსიის გამო
80 წლის ქალი 2019 წელს გარდაიცვალა, შვილმა კი ის არ დამარხა და თვეში 1700 ევროს იღებდა დედის პენსიის სახით
ეს გამაოგნებელი შემთხვევა მილანის გარეუბანში – ბუჩინასკოში მოხდა: 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედარს 2019 წლიდან კარადაში მალავდა, რათა ყოველთვიურად მისი პენსია აეღო. საშინელებათა ფილმების სცენარის მსგავს ისტორიას იტალიური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი კარაბინერები 50 წლის დანტე ედმონდო ალბერტის სახლში ჩხრეკისთვის მას შემდეგ მივიდნენ, რაც მისმა მეგობარმა ქალმა, წარმოშობით რუმინელმა, 47 წლის ექთანმა მიხაელი მ.-მ შეატყობინათ ფაქტის შესახებ, რომელზეც თავადაც შემთხვევით გაიგო. მამაკაცს დიდი ხნის უნახავმა ნაცნობმა ვოტსაფით საუბრისას დედამისის ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა და მანაც მისწერა, რომ დედა მოხუცთა სახლში იმყოფებოდა. ამ მიმოწერას თვალი მოჰკრა მიხაელიმ, რომელმაც იცოდა, რომ ქალი ალცჰაიმერის აგრესიული ფორმისგან 2019 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ერთხელ ისინი ალბერტის მამის საფლავზე იყვნენ, სადაც ყვავილები მიიტანეს და მაშინ მამაკაცმა თავის პარტნიორ ქალს უთხრა, რომ დედა რეჯო ემილიიდან იყო და საგვარეულო აკლდამაში განისვენებდა.
როდესაც მიხაელიმ მისი სიცრუის შესახებ შეიტყო, მამაკაცმა ვეღარ დამალა და უთხრა, რომ დედა არ დაუმარხავს პენსიის გამო და ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში აპირებდა. ქალმა მოსთხოვა, წასულიყო პოლიციაში და ყველაფერი ეღიარებინა და მას არ მიატოვებდა.
მიხაელი ერთი თვე ელოდა და შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა. კარაბინერებმა ალბერტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და გარდაცვლილი მოხუცის ცხედარი კარადაში აღმოაჩინეს, პოლიეთილენის ნაგვის პარკში, რომელშიც თიხა იყო ჩაყრილი. ტომარაში მოთავსებული ჩონჩხი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ექსპერტებს მოუწევთ დადასტურება, რომ ის მართლაც გრაციანა მარია დელფინა კიარის ნეშტია, თუმცა შვილმა უკვე მისცა გამომძიებლებს ამის თაობაზე აღიარებითი ჩვენება. იგი თითქმის 2 წლის განმავლობაში იღებდა იგი დედის პენსიას თვეში 1700 ევროს ოდენობით.
მამაკაცის ბანკის ანგარიშები დაყადაღებულია. მას ბრალი ედება ცხედრის დამალვაში და სახელმწიფოს წინააღმდეგ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ თაღლითობაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები