საზოგადოებაქართველები უცხოეთში

ესპანეთში COVID19-ით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი ცოლის სამშობლოში გადმოსვენებას ითხოვს

„19 თვეა, ჩვენი ხუთი შვილი დედის საფლავზე მიყვანას მთხოვს“

2020 წელს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი მამუკა ნაჭყებია ცოლის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს და საქართველოს მთავრობას, საქართველოს საპატრიარქოსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებისთვის მიმართავს.

მადრიდში საქართველოს საკონსულო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცხედრის საქართველოში გადმოსვენება 2022 წლის მარტში იქნება შესაძლებელი.

გარდაცვლილის ქმარმა ვიდეომიმართვა 18 ოქტომბერს ჩაწერა.

„მოგმართავთ თხოვნით, გადმომასვენებინოთ ცირა საქართველოში. როდესაც ესპანეთში ვიყავი [ცოლის გარდაცვალებისას], თქვენი მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ ცირა არ დაგვეწვა და ის დაეკრძალათ. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მაგრამ დადგა ის დრო, როცა ჩემი შვილები დღედაღამ მთხოვენ, რომ დედა ჰყავდეთ საქართველოში. ამის მოთმენა აღარ შემიძლია. ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ, ბავშვებს ვატყუებ, ხან ისე, ხან ასე… მოგმართავთ თხოვნით, ცირა ჩამომასვენებინეთ საქართველოში“.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში 2020 წლის 2 მარტს, მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისათვის განკუთვნილი თანხა ცოლ-ქმარმა ახლობლებისა და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით შეაგროვა. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით იგი სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.

ცირა მადრიდრის სასაფლაოს აკლდამაში 2020 წლის 27 მარტს დაკრძალეს. მეუღლე მის დაკრძალვას ესპანეთში შემოღებული საკარანტინო აკრძალვების გამო ვერ დაესწრო. მას მხოლოდ იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც მისი ცოლი დაასაფლავეს.

იმ დროისათვის ცირა ალიხანაშვილის საქართველოში გადმოსვენების ერთადერთი გზა მისი კრემაცია იყო, თუმცა ოჯახმა კრემაციაზე უარი თქვა და მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართა. მაშინ ცირას ოჯახს საელჩოში განუმარტეს, რომ ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებდნენ, ან ესპანეთშივე კრძალავდნენ. მიცვალებულის სამშობლოში გადასვენებას კი ოჯახი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეძლებდა.

„19 თვეა, ჩვენი ხუთი შვილი დედის საფლავზე მიყვანას მთხოვს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა ნაჭყებია. კაცი ამბობს, რომ უფრო და უფრო უჭირს შვილების მოტყუება და იმ აზრთან შეგუება, რომ შესაძლოა ცოლი კიდევ დიდხანს ვერ გადმოასვენოს საქართველოში:

„ისე დაკრძალეს, ახლოსაც არ მიმაკარეს. კოვიდით გარდაცვლილებისთვის განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებდა. კრემაციის უფლებას ვერ მივცემდი, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დაეწვათ ცირას სხეული. მაშინ საკონსულომ, საელჩომ დამამშვიდა, ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ და შემდეგ გადავასვენოთო. მითხრეს, სპეციალური წესები მოქმედებს, კონსერვაციის ვადა 5-6 წელია და ამ პერიოდში მის გადასვენებას ვერ მოახერხებთო. აღარ ვიცი, რამდენი ხანი უნდა ველოდო კიდევ. მას მერე საქართველოს რამდენი მოქალაქე გარდაიცვალა კოვიდით სხვადასხვა ქვეყანაში, მათი გადმოსვენება ხომ მოხერხდა? მაგრამ ცირა ვერაფრით გადმოვასვენეთ. ვეღარ ვცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად, ვეღარც ბავშვებს ვუყურებ თვალებში. ხალხმა ჩვენთვის შეუძლებელი შეძლო, ყველანაირად დაგვიდგა გვერდში და ახლა ხელისუფლებას ვთხოვ დახმარებას“.

მადრიდის ოლქის კანონის („პრეზექტურაში სამედიცინო-სანიტარული ნორმების შესახებ“) 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რომელიც ექსჰუმაციის წესს არეგულირებს, ცხედრის ექსჰუმაცია, რომლის გარდაცვალების მიზეზიც გახდა ქოლერა, ციმბირული წყლული, ცოფი, რადიოაქტიული ნივთიერება, აკრძალულია 5-6 წლის განმავლობაში. გარდაცვალების სხვა მიზეზების შემთხვევაში საფლავის გახსნა გარდაცვალებიდან 2 წლის თავზეა შესაძლებელი. სწორედ ამ კანონის საფუძველზე ეთქვა უარი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს ცხედრის საქარველოში გადმოსვენებაზე.

ცირა ალიხანაშვილის მული ხათუნა ნაჭყებია, რომელიც რამდენიმე წელია ესპანეთში ცხოვრობს, 19 ოქტომბერს მადრიდში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა და გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენებაში დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა.

როგორც ხათუნა ნაჭყებია რადიო თავისუფლებას ეუბნება, საკონსულოს თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ საკონსულომ კონსულტაცია გაიარა შესაბამის უწყებებთან და შესაძლოა, მისი რძლის სამშობლოში გადმოსვენება მარტში ანუ გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მოხერხდეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია მას მადრიდში საქართველოს კონსულმა, ილია გიორგაძემაც დაუდასტურა:

„ცოტა ხნის წინ, საქართველოს კონსული, ილია გიორგაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ესპანეთთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, ცირას საქართველოში გადასვენების უფლებას მოგვცემენ”.

გააგრძელე კითხვა აქ:radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close