კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა წელიწად-ნახევრის უნახავ შვილს მიუძღვნა – ქართველი ჩოგბურთელი ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის მასტერსის“ ფინალშია, რომლის საპრიზო ფონდი 16 718 910 დოლარს შეადგენს. 2019 წლის შემდეგ, პოსტკორონავირუსულ პერიოდში, არცერთი მასტერსის ორგანიზატორებს არ მიუღწევიათ სპონსორებისგან თითქმის 100-პროცენტიანი საპრიზო ფონდის მობილიზება, რაც ინდიან უელსის მასტერსის ორგანიზატორებმა შეძლეს.
ბასილაშვილმა აჩვენა, რომ საუკეთესო ფორმაშია და ამერიკელ მეტოქეს – ტეილორ ფრიტცს სეტის მოგების შანსიც არ მისცა.
მატჩი 1 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ჩოგბურთელს ორ სეტში 7:6 (7:5), 6:3 მოუგო და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი თავი დაწერა. მას აქამდე მასტერსის ფინალში არასდროს უთამაშია.
🇬🇪 Maiden Masters 1000 final 🇬🇪
Basilashvili secures a date with Norrie in the championship match, defeating Fritz 7-6(5), 6-3.#BNPPO21 pic.twitter.com/uVGbAfqoqX
— BNP Paribas Open (@BNPPARIBASOPEN) October 17, 2021
ბასილაშვილის მეტოქე ფინალში ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელიც ამ დროისთვის რეიტინგით 21-ეა (ნიკოლოზ ბასილაშვილი – 29-ე). მატჩი რამდენიმე საათაი, 18 ოქტომბერს, 03:00 სთ-ზე გაიმართება
მოგების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირიდან 1000 სარეიტინგო ქულას და 1 209 730 აშშ დოლარის ჩეკს წამოიღებს (ისევე, როგორც ინდიან უელსის მასტერსის სხვა გამარჯვებულები – ქალთა შორის და წყვილებში), წაგების შემთხვევაში – 640 000 აშშ დოლარს.
შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის 1000-ქულიანი მასტერსის 1/4 ფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა top 3-ის წევრი მეტოქე დაამარცხა.
ტრიუმფის შემდეგ ნიკოლოზმა ერთ-ერთ კამერაზე შვილის სახელი, ლუკასი დაწერა. ქართველი ჩოგბურთელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი ყველა გამარჯვება მის ვაჟს ეკუთვნის.
ჩოგბურთელმა პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია შვილი არ უნახავს და როცა კორტზე გადის, სწორედ ლუკასზე ფიქრი ამშვიდებს.
ბასილაშვილს ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალური დავა აქვს. ყოფილ წყვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავთ, რომელიც დედასთან იზრდება.
ნეკამ ნიკოლოზი ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, ჩოგბურთელი დააკავეს, თუმცა იგი სასამართლომ 100 000-იანი გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები