ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აუცრელი პედაგოგები, ასევე ის მასწავლებლები, რომლებმაც კორონავირუსი ახლახან გადაიტანეს, თუმცა უარს აცხადებენ კოვიდ ტესტის გაკეთებაზე, 3 ოქტომბრიდან მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ და, შესაბამისად, ანაზღაურებაც შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნაჩმან ეშმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული პირები მძიმე ტვირთად აწვება ისრაელის ჰოსპიტალურ სისტემას. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოებში სასუნთქი ვენტილატორების მწვავე ნაკლებობა იყო.
„სასუნთქი ვენტილატორების გარდა, ჰოსპიტალური სექტორი პერსონალის ნაკლებობასაც განიცდის, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში. ჩვენ ვახერხებთ, ყველა პაციენტს მოვუძებნოთ ადგილი საავადმყოფოში, მაგრამ თუ ინფიცირების რაოდენობა მოიმატებს მდგომარეობა დამძიმდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გამოცემის ცნობით, ისრაელის 6 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო ერთი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, 3.12 მილიონმა კი – ბუსტერი დოზა, თუმცა დაახლოებით 900 000 მოქალაქეს ამ დრომდე ვაქცინის არცერთი დოზა მიუღია.
bm.ge
კომენტარები