ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია
პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლის თებერვლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.
ქართველოლოგიის პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა, დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ და ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა.
„ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას ვნერგავთ. მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენის ხორცშესხმაში მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია ქართველოლოგიის დარგში მოღვაწეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული – „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის ავტირობით.
„მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში“, – განაცხადა ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიკოსმა, პროფესორმა სტივენ ჯონსმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ.
„გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ ამერიკელი მეცნიერების კადრები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ. ამიტომ ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, – განაცხადა სტივენ ჯონსმა.
„მე თუ მკითხავთ, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“, – აღნიშნა დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ. – „…კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“.
ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას მომავალი წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.
კომენტარები