ქართველმა ქალმა შეიხს 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოპარა (ვიდეო)
ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა, 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა.
პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა, „რუდავის“ ცნობით, შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში მოხდა. პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა მძარცველი არ დაუკავებიათ, რადგან მან ერაყის ქურთისტანის ტერიტორია უკვე დატოვა.
გავრცელებული ცნობით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. სათვალთვალო კამერების გამო მძარცველებმა გადაწყვიტეს, ბიზნესმენის სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შესულიყო, რომ ეჭვი ქალზე არ მიეტანათ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალის გაუჩინარება ქურდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იყო. სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან წაიღო 20 000 აშშ დოლარი. მასთან კავშირის გამო გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში.
კომენტარები