მედიცინამსოფლიო

საფრანგეთი: 15 ოქტომბრიდან კოვიდ-19-ის ტესტები აღარ დაფინანსდება

მომვლელების სავალდებულო ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან შედის ძალაში

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა დღეს, 9 სექტემბერს განაცხადა, რომ 15 ოქტომბრიდან  აღარ დააფინანსდება კოვიდ-19-ის არც ანტიგენის და არც პისიარ ტექსტები, ზოგიერთი შემთხვევის გარდა. ამის შესახებ „ლე ფიგარო“ იუწყება.

ამ ზომით სახელმწიფო ცდილობს, აიძულოს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, აცრა ჩაიტარონ, გარდა ამისა, შეამციროს სოცუზრუნველყოფის დანახარჯები – 2021 წელს კოვიდ-19-ის ტესტებზე დახარჯულმა თანხამ შესაძლოა 5 მლრდ ევროს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოქმედებს „მწვანე საშვი“, რომელიც ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე გაიცემა.

ამ ინფორმაციამ ლაბორატორიები, პირდაპირი მნიშვნელობით, შოკში ჩააგდო. „ველოდებით, რომ ჩატარებული ტესტირებების რაოდენობა 80-90%-ით შემცირდება, რადგან ტესტის საფასურიდან გამომდინარე, რომელიც 43,89 ევროს შეადგენს, ადამიანები თავს შეიკავებენ მისი გაკეთებისგან, თუ უახლოეს თვეებში მათი ფასი არ შემცირდა“, –  განაცხადა ბიოლოგთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ფრანსუა ბლანშეკოტმა.

გარდა ამისა, ჟან კასტექსის განცხადებით, საფრანგეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 15 სექტემბრიდან მომვლელთათვის სავალდებულო ხდება.

პრემიერ-მინისტრმა, აგრეთვე, შეახსენა მოქალაქეებს, რომ იწყება (12 სექტემბრიდან) რევაქცინაციის მასშტაბური კამპანია, რომელიც თავიდან 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, აგრეთვე, ქრონიკული დაავადების და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს შეეხება. საუბარია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე – ბუსტერულ დოზაზე. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუციის, HAS-ის (Haute Autorité de santé) მონაცემებზე დაყრდნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს მიიღო. პირველ ბუსტერულ დოზებს ხანდაზმულთა სახლების ბინადრები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მესამე დოზის მიღებაც ნებაყოფლობითი იქნება.

ბუსტერული დროზით აცრის კამპანიის დაწყების შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 5 სექტემბერს განაცხადა.

კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი – ბუსტერული დოზა პირველადი სრული ვაქცინაციის დასრულებიდან, სულ ცოტა, 6 თვის გასვლის შემდეგ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ბუსტერული დოზის მიღება ისრაელში ივნისის ბოლოს დაიწყო 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, შემდეგ კი – უკვე 40 წელს გადაცილებულთათვის. ებრაელი მეცნიერები კვლევების საფუძველზე აცხადებენ, რომ ბუსტერული დოზა კორონავირუსის მიმართ დაცვას 5-7-ჯერ ზრდის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close