საქართველო

გერმანელი სპეციალისტი თბილისის ზოოპარკის სპილოებს ტრენინგებს უტარებს

რატომ უკეთებენ პედიკიურს გრანდის და მალკას და რატომ ასწავლიან ყურის მოშვერას?

თბილისის ზოოპარკმა თავისი ყველაზე დიდი ბინადრების – გრანდის და მალკას სიყოჩაღეს და სიბეჯითეს სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი მიუძღვნა:

„ერთი მეგობარი გვყავს – ტობიას დორნბუში. ტობიასი სპილოების გერმანელი სპეციალისტია და ყოველ წელს გვსტუმრობს, რომ სპილოების ტრენინგში დაგვეხმაროს. არა, არა, ცეცხლოვან რგოლში გადასახტომად და ბურთზე წონასწორობის შესანარჩუნებლად არ ვწვრთნით. სხვადასხვა მოქმედებებს ვასწავლით, რომ ამ ბუმბერაზი ცხოველისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება იყოს შესაძლებელი.

მაგალითად, ტობიასი დაგვეხმარა, სპილოებისთვის ე.წ. პედიკიურის გაკეთება გვესწავლებინა. ააარა, არა, ლაქს არ ვუსვამთ, უბრალოდ, სპილოები ზოოპარკში იმდენ მანძილს ვერ გადიან, რამდენსაც ბუნებაში, ამიტომ ფრჩხილები ბუნებრივად არ უცვდებათ და მათი ხელით დამუშავებაა საჭირო, რომ ინფექცია არ შეეჭრათ.

სპილო თუ მომზადებული არ იქნა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამოეკიდება მომვლელი ინსტრუმენტებით ხელში და როგორ დააქლიბავს გზადაგზა ფრჩხილებს. ახლა კი გრანდმა და მალკამ იციან, რომ გარკვეულ ნიშანზე ბარიერთან უნდა მოვიდნენ, რიგ-რიგობით დადონ ჯერ წინა, შემდეგ – უკანა ფეხები და მორჩილად იდგნენ, სანამ მომვლელები მათ ფრჩხილებს მოუწესრიგებენ.

ამჯერად ტობიასმა კიდევ ერთი საჭირო მოქმედება ასწავლა ჩვენს სპილოებს – ყურის მოშვერა. აააარა, იმისთვის კი არა, რომ უკეთ მოგვისმინონ.

საქმე ისაა, რომ სპილოს ყურზე კარგად ჩანს ვენები და თუ სისხლის აღებაა საჭირო რაიმე ანალიზისთვის, ამ პროცედურის ჩატარება მარტივად, სპილოს დაძინებისა და ვეტექიმის გაჭყლეტვის შიშის გარეშეა შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ გრანდი და მალკა ნამეტნავად ყოჩაღები აღმოჩნდნენ. თუ სხვა სპილოები რამდენიმე კვირა სწავლობენ ყურის მოშვერას, ჩვენმა გენიოსებმა ეს მოქმედება სამიოდ დღეში აითვისეს“, – წერს  თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close