მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა

ETIAS – სისტემა, რომელიც შენგენის ზონაში შესასვლელად დაგვჭირდება

ევროკავშირის არაწევრi 61 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ შენგენის ზონაში და იქ ერთჯერადად 90 დღე დაყონ.

ამ პერიოდში მოქალაქეს არ აქვს მუშაობის ან სწავლის უფლება, მაგრამ შენგენის ტერიტორიაზე ბიზნესის, ტურიზმის, სამკურნალო და სატრანზიტო მიზნებისთვის შეუძლია იყოს.

ტერორიზმსა და მიგრაციულა კრიზისთან დაკავშირებულმა უსაფრთხოების ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა და შეშფგოთებამ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის, მოქალაქეთა ნაკადის თვალყურის დევნებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა გადაწყვიტა, თავის საზღვრებში მოგზაურობა უსაფრთხო გახადოს.

რა არის ETIAS?

ETIAS-ი არის მოგზაურთა ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა (European Travel Information and Authorization System) – ავტომატური ელექტრონული სისტემა, რომელიც აკონტროლებს და იძლევა შენგენის ზონაში შესვლის უფლებას იმ ქვეყნების ვიზიტორებისთვის, რომელთა მოქალაქეებსაც არ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად. გარკვეულწილად, ეს სისტემა წააგავს შეერთებულ შტატებში შესვლის ელექტრონული ავტორიზაციის სისტემას (ESTA), რომელიც იმავე მიზანს ემსახურება. ETIAS სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და, სავარაუდოდ, ის 2022 წლისთვის ამოქმედდება.

ETIAS-ის თანახმად, თითოეული განმცხადებელი გაივლის უსაფრთხოების შემოწმებას იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა მათ მიეცეთ შენგენის რომელიმე ქვეყანაში შესვლის უფლება.

შენგენის ზონაში შესვლის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს ადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რათა დადგინდეს, იქნება თუ არა შენგენის ქვეყნებში მათი შესვლა უსაფრთხო.

„უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით გვეცოდინება, ვინ მოდის ევროპაში, სანამ ისინი აქ ჩამოვლენ“, – განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წელს.

ETIAS ავტორიზაციის მთავარი მიზანი უსაფრთხოებაა. ევროკავშირს მიაჩნია, რომ მთელ მსოფლიოში მოგზაურებისთვის რისკი იზრდება და სურს თავის წევრ ქვეყნებში უსაფრთხო შესვლა უზრუნველყოს. ინფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების სისტემების გამოყენებით ETIAS-ი გამოავლენს ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან შენგენის ქვეყნების უსაფრთხოებას. შედეგად, ასეთ პირებს უარს ეტყვიან ზონაში შესვლაზე, რითაც თავიდან აიცილებენ ევროკავშირში მათი ყოფნის საფრთხეს. შეიძლება ითქვას, რომ სისტემა პრობლემას ანამ გადაჭრის, სანამ ის გამოჩნდება.

გვპირდებიან, რომ ETIAS ავტორიზაცია ევროკავშირში მოგზაურებს ნაკლებად შეაწუხებს და დისკომფორტს არ შეუქმნის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ETIAS-ი განკუთვნილია იმ ქვეყნების ვიზიტორებისთვის, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ და ასეთი 61 ქვეყანაა. 2022 წლისთვის ანუ სისტემის ამოქმედებამდე ეს სია შეიძლება გაფართოვდეს, მაგრამ ამ დროისთვის ზემოაღნიშნული ქვეყნების ყველა მოქალაქეს მოეთხოვება ETIAS ნებართვის მოპოვება შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლამდე.

როგორ იმუშავებს ETIAS სისტემა?

ETIAS სისტემა მარტივი გამოსაყენებელი იქნება. ის დაზოგავს განაცხადების წარდგენისა და დამუშავების დროს.

ETIAS ავტორიზაციისთვის განმცხადებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, რასაც დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. პროცედურა ტარდება ინტერნეტით და ქაღალდის დოკუმენტები საჭირო არ არის. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ, სისტემა შესავსებად შემოგთავაზებთ სხვადასხვა ველს. ივსება ბიომეტრიული ინფორმაცია.

✅ სახელი, გვარი, გვარი დაბადებისას, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, მისამართი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, განათლება, სამუშაო გამოცდილება

✅ ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომლის მონახულებაც იგეგმება

✅ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომლებიც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას

✅ მიეთითება ინფორმაცია იმ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ, სადაც ომი მიმდინარეობს

✅ ქვეყნები, საიდანაც განმცხადებლის დეპორტირება მოხდა

✅ ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს მის მიღებაზე

✅ ასევე ინფორმაცია ნასამართლეობაზე და სხვა.

✅ არასრულწლოვნებისთვის ETIAS განცხადებას წარადგენს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე)

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ მოგზაურობის მსურველმა უნდა გადაიხადოთ საფასური (7 ევრო). სისტემა შეამოწმებს მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს, მოთხოვნების შესაბამისობას, გააანალიზებს რისკფაქტორებს და თუ ინფორმაცია სწორია, მოგზაური აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს, არ წარმოადგენს რისკს ETIAS-სთვის, განცხადება დაკმაყოფილდება. მთელი პროცედურას, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ანალიზისას ETIAS-ი საეჭვო გარემოებებს აღმოაჩენს, განაცხადი ხელით დამუშავდება (პროცესში მოხელე ჩაერთვება). როგორც გვეუბნებიან, მონაცემთა ამ გზით დამუშავებას დაახლოებით 96 საათი (4 დღე) ან მაქსიმუმ 2 კვირა დასჭირდება.

როგორც აღვნიშნეთ, ETIAS- ის ღირებულება მხოლოდ 7 ევრო იქნება თითოეული განაცხადისთვის. 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ავტორიზაცია უფასოა. გადახდა შესაძლებელი იქნება საკრედიტო ბარათით. ETIAS-ი ინფორმაციის დამუშავებას დაიწყებს გადახდის დადასტურებისთანავე. დამტკიცების შემთხვევაში, ETIAS ავტორიზაცია შეიძლება გაიცეს 3 წლით ან სანამ განმცხადებლის პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება. ეს კი დამოკიდებული იქნება სისტემის მიერ განმცხადებლის ინფორმაციის შეფასებაზე და სავარაუდო რისკის ხარისხზე.

განაცხადის წარდგენიდან რამდენიმე წუთში განმცხადებელი მიიღებს პასუხს. უარყოფით პასუხში მითითებული იქნება იმ მიზეზზე, რის გამოც ETIAS-მა უარყო განაცხადი. მოგზაურობის მსურველს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, ან შეასწოროს განცხადება და ხელახლა ცადოს ავტორიზაციის მიღება.

ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ETIAS-ისთვის, არის მისი მოქმედი პასპორტი.

ETIAS ავტორიზაციის სწორად გამოსაყენებლად, თუ განმცხადებელი გერმანიაში, ბელგიასა და ავსტრიაში მოგზაურობას გეგმავს და განაცხადში მიუთითა, რომ პირველი ქვეყანა, რომელსაც ეწვევა, იქნება გერმანია, მაშინ ბელგიისა და ავსტრიის მონახულებამდე ჯერ გერმანიაში უნდა ჩავიდეს. პირველ ქვეყანაში შესვლის შემდეგ მოგზაურს შეუძლია ეწვიოს შენგენის ნებისმიერ სხვა ქვეყანას (მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში).

ETIAS-ის ავტორიზაცია არ არის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლის გარანტია. ეს გადაწყვეტილება ისევ სასაზღვრო ორგანოების კომპეტენციაში იქნება.

ETIAS-ის ავტორიზაცია არ იძლევა ევროკავშირის იმ ქვეყნებში შესვლის უფლებას, რომლებიც შენგენის ზონის ნაწილი არ არიან.

როგორ ამოწმებს ETIAS-ი ინფორმაციას?

ETIAS-ი დაუკავშირდება მონაცემთა ბაზებს, რომელსაც შეუძლია განმცხადებლის მონაცემების სწრაფად გადამოწმება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გულწრფელად უპასუხოს კითხვებზე და არ შეეცადოს ცრუ ინფორმაციის მიწოდება. თუ ETIAS სისტემა ყალბ ინფორმაციას გამოავლენს, ავტორიზაცია უარყოფილი იქნება.

თუ ETIAS-ის განცხადება ავტორიზებულია, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ არასწორი ან ყალბი ინფორმაცია იქნა მიწოდებული, ETIAS-ის ავტორიზაცია გაუქმდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close